მიხეილ სარჯველაძე ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის ფაქტებზე: მიღებული გადაწყვეტილებები ნაკარნახევია იმით, რომ სხვა ექიმებისთვის იყოს მაგალითი - როგორ უნდა იყოს გარჩევა სწორად მომუშავე ექიმსა და არასწორად მომუშავე ექიმს შორის
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის ფაქტების შესახებ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
მან კონკრეტული ფაქტები დაასახელა, რომელიც შემოწმებისას გამოვლინდა.
„როდესაც დოკუმენტაციის შემოწმებისას აღმოაჩენ, რომ თვითონ წამალს მწარმოებლისგან უწერია, რომ 600 მლ.გრ-ზე მეტი არ შეიძლება დღიური მოხმარების დოზა იყოს და რეცეპტია გამოწერილი, რომელშიც 1800მლ.გრ-ზეა საუბარი. ეს ხომ ადამიანის გამეტებას ნიშნავს?! მე არ ვიცი, ექიმის ასეთი ქმედება რა ინტერესით იყოს განპირობებული, მაგრამ ამას სჭირდება შეურიგებელი დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან და შეურიგებელია სახელმწიფო ამის მიმართ. საბედნიეროდ, თვითონ ექიმები არიან შეურიგებელი ასეთ პრაქტიკებთან მიმართებით. ამის დემონსტრირება იყო სამინისტროში გამართული პროფესიული განვითარების საბჭოს გუშინდელი სხდომა.
„ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მსგავსი პრაქტიკების აღკვეთის მიზნითაა ნაკარნახევი იმისთვის, რომ სხვა ექიმებისთვის ეს იყოს მაგალითი და თვალსაჩინო გარემოება საიმისოდ, თუ როგორ უნდა იყოს გარჩევა სწორად მომუშავე ექიმსა და არასწორად მომუშავე ექიმს შორის. ამას შემდგომშიც გააგრძელებს სამინისტრო ზუსტად იგივე წესით - კონტროლს, დაკვირვებას, რათა პრობლემა დაკავშირებული არასწორ მოხმარებასთან იყოს აღკვეთილი საქართველოში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.