მიხეილ სარჯველაძე ლევან იოსელიანს შეხვდა და სოციალური დახმარების სისტემის სრულყოფის მიზნით, განსაზღვრული სამოქმედო გეგმა გააცნო
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა და სოციალური დახმარების სისტემის სრულყოფის მიზნით, განსაზღვრული სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დახმარების მაქსიმალური მიზნობრიობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფას.
მინისტრის განცხადებით, უწყების მთავარი მიზანია, ბაზაში მხოლოდ ის ოჯახები რჩებოდნენ, რომლებსაც სახელმწიფოს თანადგომა რეალურად ესაჭიროებათ. მისი თქმით, სოციალური რესურსი უნდა მიემართოს ყველაზე
მოწყვლადი ჯგუფებისკენ და განაწილდეს სამართლიანობის პრინციპით.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ბაზაში ფიქსირდება ათასობით პირი, რომელთაც მაღალი შემოსავალი უფიქსირდებათ. ასევე, გამოვლენილია შემთხვევები, როდესაც დახმარებას
იღებენ მოქალაქეები, რომლებიც ფაქტობრივად აღარ საჭიროებენ სახელმწიფო მხარდაჭერას.
უწყებაში განმარტავენ, რომ გადამოწმების პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და მაქსიმალურად იქნება დაცული ბენეფიციართა უფლებები. სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები მიმართულია სოციალური სისტემის გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და ეფექტიანობის გაზრდისკენ.