Loading data...
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით: არის მედიკამენტები, რომლის პაციენტზე გავრცელება/არ გავრცელებას სჭირდება ინდივიდუალური შეფასება, ეს იციან მშობლებმაც, აქ არა მარტო ასაკობრივად არის განსაზღვრული მედიკამენტების დაშვება/არ დაშვების საკითხი, არამედ გარკვეული ფიზიკური კონდიციებიც უნდა იძლეოდეს ამის შესაძლებლობას

„არის მედიკამენტები, რომლის გამოყენება/არ გამოყენებას და პაციენტზე გავრცელება/არ გავრცელებას სჭირდება ინდივიდუალური შეფასება. ეს იციან მშობლებმაც. ამაზე ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა. აქ არა მარტო ასაკობრივად არის განსაზღვრული მედიკამენტების დაშვება/არ დაშვების საკითხი, არამედ გარკვეული ფიზიკური კონდიციებიც უნდა იძლეოდეს ამის შესაძლებლობას“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მედიკამენტებზე საუბრისას.

მისი თქმით, ვიდრე კონკრეტული მედიკამენტები ჩაეშვება სამკურნალო პროცესში, საჭიროა ერთობლივი მუშაობა და ჩართულობა, როგორც მშობლების, ასევე, ექიმების.

„ამ საკითხებს დასჭირდება შესწავლაც, მომზადებაც, ექიმების ტრენინგიც. ყველაფერი ამის მიხედვით უნდა დაიგეგმოს. ყველა მედიკამენტს აქვს თავისი თვისება, დახასიათება, ლოგიკა გამოყენების. არის მედიკამენტები, რომელიც შეიძლება ესადაგებოდეს უკლებლივ ყველას იშვიათი გამონაკლისების გარდა. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება ასე წარიმართოს ერთ-ერთ მედიკამენტთან დაკავშირებით. არის მედიკამენტი, რომელზეც თვითონ მწარმოებელი აკეთებს დათქმას, რომ ეს გამოიყენება კონკრეტულად ამა და ამ ასაკობრივ ჯგუფში და სხვასთან არ გამოიყენება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, რადგან დიუშენის სინდრომს ახასიათებს დაავადებების ნაირსახეობები, პერიოდულად საჭირო იქნება მონაცემთა ბაზის განახლება და ზოგიერთი მედიკამენტის დაშვება ან გამორიცხვა მკურნალობის პროცესში.