Loading data...
მიხეილ სარჯველაძე დევნილებისთვის გათვალისწინებულ პროგრამაზე: დეკემბრის განმავლობაში ჩვენ უკვე დავიწყებთ ანაზღაურების გაცემას - პროგრამამ მოლოდინს გადააჭარბა

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“ დევნილებისთვის გათვალისწინებულ პროგრამაზე ილაპარაკა, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 10 000-ლარიან კომპენსაციებს გულისხმობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროგრამამ მოლოდინს გადააჭარბა.

„განაცხადები მივიღეთ. განაცხადების მიღების შემდეგ ამას სჭირდება გადამოწმება. საკმაოდ ნორმალური ტემპით მივდივართ და როგორც ეს დაპირებული იყო, დეკემბრის განმავლობაში ჩვენ უკვე დავიწყებთ ანაზღაურების გაცემას. განაცხადის გაკეთების თანმიმდევრობით მოხდება ანაზღაურება ამავე თანმიმდევრობის კვალდაკვალ.

პროგრამამ მოლოდინს გადააჭარბა. ასეთი ადამიანების რიცხვი აღმოჩნდა იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით. მთლიანობაში კი ეს ნიშნავს, რომ ეს პროგრამა მოქალაქეებისთვის და ადამიანებისთვის საინტერესოა. ეს უნდა გაგრძელდეს. ამ მიმართულებითაც ბიუჯეტმა ამაზე იზრუნა და მომდევნო წლის ბიუჯეტში შესაბამისი ფინანსური რესურსი გათვალისწინებულია“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი, საცხოვრისის ნაცვლად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე.