მიხეილ სარჯველაძე: ამ ყველაფერში ჩემთვის თუკი ვინმეს პოზიცია გასაგებია, ეს არის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების, მათი მშობლების ემოციები და გრძნობები
„ამ ყველაფერში ჩემთვის თუკი ვინმეს პოზიცია გასაგებია, ეს არის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების, მათი მშობლების ემოციები და გრძნობები. უბრალოდ, მე მაქვს პასუხისმგებლობა და სწორი
გადაწყვეტილების მისაღებად ვალდებული ვარ, დავაყენო ყველა საკითხი, რომელიც ლეგიტიმურად საჭიროებს გარკვევას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებული საკითხები პაციენტების მშობლებთან არაერთხელ განიხილეს. მინისტრის განცხადებით, თითოეულ მათგანს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს მიიღოს სამინისტროსთვის ხელმისაწვდომი სრული ინფორმაცია.
„დიახ, ჩვენი არაერთი შეხვედრის დროს ასეთი საკითხები დამიყენებია დღის წესრიგში. მითქვამს, რომ ეს არის თემები, რომელთა გარკვევასაც ვცდილობთ. როგორ და რამდენად ინტენსიურად - ამაზეც შემიძლია ვესაუბრო მშობლებს და მივაწოდო დეტალური ინფორმაცია. ეს ჩემი მოვალეობაა და ამას აუცილებლად გავაკეთებ. აღნიშნული საკითხების გარკვევას ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით გავაგრძელებთ, ბუნებრივია, შევეცდებით, რომ ვიპოვოთ პასუხი. იმედი მაქვს, ეს პასუხები იქნება დადებითი. არის ნაწილი მშობლებისა, რომლებთანაც ბოლო პერიოდამდე მაქვს შეხვედრები. აქვე აღსანიშნავია, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ერთადერთი არ არის იშვიათ დაავადებებს შორის. სხვა უამრავი საჭიროებაა. ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი შეხვედრა უკვე გვქონდა, ან ახლა არის ჩანიშნული რამდენიმე იშვიათ დაავადებასთან მიმართებით და ვიღებთ გადაწყვეტილებებს, სადაც ეჭვი და კითხვის ნიშანი არ არსებობს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.