მიხეილ ყაველაშვილი სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, შვილებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საზეიმო ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
საშობაო ლიტურგიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საზეიმო წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა პატრიარქის ტრადიციული საშობაო ეპისტოლე მოისმინა.
სადღესასწაულო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცა.
„მინდა თითოეულ ჩვენს თანამემამულეს, თითოეულ ოჯახს, სრულიად საქართველოს მივულოცო ქრისტეს შობის დღესასწაული. განსაკუთრებით მინდა მივულოცო საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ეკლესიას. მინდა მივულოცო მის უწმინდესობას, ჩვენს პატრიარქს და მადლიერება გამოვხატო იმისთვის, რომ ჩვენს ერში ასე მტკიცედ და მყარად არის ჩვენი სარწმუნოება“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.