მიხეილ ყაველაშვილი: გარდა ხილული გამოწვევებისა, თითოეულმა ჩვენგანმა შინაგანი ვნებები, გამოწვევები უნდა გადავლახოთ და გავხდეთ მეტად მიმტევებლები, მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა, რომლის მაგალითია წმინდა გიორგი
გარდა ხილული გამოწვევებისა, თითოეულმა ჩვენგანმა შინაგანი ვნებები და გამოწვევები უნდა გადავლახოთ და გავხდეთ უფრო მეტად ქრისტიანები, მიმტევებლები, მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა, რომლის უდიდესი მაგალითია წმინდა გიორგი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბოდბის დედათა მონასტერში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში განაცხადა.
პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს წმინდა გიორგის დღესასწაული მიულოცა.
„სრულიად საქართველოს ვულოცავ გიორგობას, ჩვენი ერის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქრისტიანულ დღესასწაულს. წმინდა გიორგი ქრისტესთვის მებრძოლი, უტეხი სული, მტკიცე რწმენა, ბოროტებაზე სიკეთით გამარჯვების მარადიული სიმბოლოა. უდიდესია მისი წვლილი ქრისტიანულ სამყაროში. სწორედ ჩვენმა ერმა, ჩვენმა წინაპარმა მისი ამ გამორჩეული ცხოვრებისა, ღვაწლისა და მოწამებრივი სიცოცხლისა, შეიყვარა ისე, როგორც საკუთარი არსი და დაუკავშირა ჩვენი ერის ცხოვრება, ჩვენი ერის არსებობა წმინდა გიორგის ცხოვრებას, მოღვაწეობას და მოწამებრივ აღსასრულს. ამიტომაც არის გამორჩეული წმინდა გიორგის სახელი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ერში. ასევე, ჩვენი მებრძოლები, როცა უთანასწორო ბრძოლაში მიდიოდნენ, გამოუვალ სიტუაციებშიც ყოველთვის არამხოლოდ ზეციურ მფარველად მიაჩნდათ წმინდა გიორგი, არამედ როგორც თანამებრძოლად. ეს არაერთმა ჩვენმა მართლაც საკვირველმა ბრძოლებმა დაგვანახა, რომ რამხელა ძალა აქვს რწმენას, ქრისტეს რწმენას, წმინდა გიორგის რწმენას და აქამდე მოვიდა ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლო. ეს უდიდესი განძია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენმა თანამედროვე ხალხმა მოგვიტანა აქამდე.
რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, უნდა დავფიქრდეთ ყველანი, ამ ქვეყნის შვილები, თითოეული ჩვენგანი, თუ რა არის ჩვენი ცხოვრების არსი და მისია. სწორედ აქ არის აუცილებლად გასააზრებელი, რომ, რა თქმა უნდა, ამ გამოწვევებში, რომლებიც დღეს მსოფლიოში არსებობს, ჩვენი პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის ერი, მუდმივად იქნება ამ გამოწვევების პირმშო. მაგრამ მთავარი გზა, რომელსაც ქართველმა ერმა დიდი ხნის წინ დაუდო საფუძველი, უწმინდესმა ბრძანა, რომ 1700 წელს აღვნიშნავთ გაქრისტიანების ჩვენი სახელმწიფოსი, სწორედ ამ გზაშია ჩვენი გადარჩენა და მომავალი. ამიტომ, თანამედროვე ეპოქაში მცხოვრებმა ამ ქვეყნის შვილებმა უნდა გავიაზროთ ეს ყველაფერი, დავფიქრდეთ და გავაგრძელოთ ჩვენი წინაპრების გზა. რაში მდგომარეობს ეს გზა, ეს გზა მდგომარეობს იმაში, რომ გარდა ხილული გამოწვევებისა, თითოეულმა ჩვენგანმა შინაგანი ვნებები და გამოწვევები უნდა გადავლახოთ და გავხდეთ უფრო მეტად ქრისტიანები, მიმტევებლები და მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა. ამის უდიდესი მაგალითია სწორედ წმინდა გიორგი. კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობას, ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.