Loading data...
მიქანაძე: ჩვენი მიზანია, შემდეგი წლიდან 3+1 მოდელი შევთავაზოთ ახალგაზრდებს, რომლებიც მისაღებ გამოცდებს ჩააბარებენ და გამოცდებამდე გარკვეული დროით ადრე მთელი სისტემა იყოს აწყობილი

დღეს ძირითად მიმართულებებზე თუ გვაქვს 4+2 სისტემა, სადაც ოთხწლიანია საბაკალავრო საფეხური და მეორე საფეხური, სამაგისტრო ორწლიანია, ამ შემთხვევაში პირველი საფეხური გვექნება სამწლიანი, ხოლო მეორე საფეხური ერთწლიანი, ანუ ეს არის იგივე სისტემა, რაც დღეს არსებობს, უბრალოდ, შემცირებული ვადით, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა - მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„კონკრეტულმა პირებმა საზოგადოება რომ არ შეიყვანონ შეცდომაში, უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ ეხება ყველა მიმართულებას. ეს არის დეტალურად გასავლელი, თუმცა პირველი, რაც ცხადზე ცხადია და იკვეთება, სამედიცინო მიმართულებას ეს ვერ შეეხება. როგორც ვიცით, სამედიცინო მიმართულებით სასწავლო პროცესი ბევრად უფრო მრავალწლიანია, ვიდრე თუნდაც ის ოთხი წელიწადი“, - აღნიშნა მიქანაძემ.

მისი თქმით, ეს არ არის ერთდღიანი, ერთთვიანი ან თუნდაც ერთწლიანი რეფორმა.

„ის მოითხოვს საუნივერსიტეტო მიმართულებით დაახლოებით, სამ-ოთხწლიან გადაწყობას, რათა საბოლოოდ სწორი მიმართულებით განვავითაროთ სახელმწიფო უნივერსიტეტების საქმიანობა და იქ ყველაფერი ორიენტირებული იყოს იმ შედეგებზე, რომელიც ქვეყნის შემდგომ განვითარებას ეხება“, - განაცხადა მიქანაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როდიდან გადავა სისტემა 3+1 კონცეფციაზე, რადგან ძალიან დიდი ხანია, ევროპის სასწავლო დისციპლინებში ეს მოდელი დანერგილია, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ ეს არ შეეხება ახალგაზრდებს, ვინც წელს ჩაირიცხა ეროვნული გამოცდებით და ახალგაზრდებს, რომლებიც მეორე, მესამე, მეოთხე კურსის სტუდენტები არიან.

„კონცეფცია როდესაც დამტკიცდება და ჩვენ უკვე მის განხორციელების ეტაპზე გადავალთ, რაც მოიცავს, როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე პრაქტიკული მიმართულებით არაერთ აქტივობას, ეს არ შეეხება იმ ადამიანებს, ვინც უკვე სტუდენტის სტატუსით სარგებლობს. ისინი ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, თავისი ფაკულტეტებით, თავის სასწავლო პროცესს გაივლიან მთელ ციკლს, რაც განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით.

ჩვენი მიზანია, უკვე შემდეგი წლიდან იმ მიმართულებებზე, რომელიც იდენტიფიცირებული იქნება, რომ შესაძლებელია, გადავიდეთ 3+1 მოდელით, ეს უკვე შემოვიტანოთ და შევთავაზოთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩააბარებენ მისაღებ გამოცდებს. ეს მოცემულობა უფრო ნათელი გახდება, როგორც კი დოკუმენტი დამტკიცდება. ჩვენ აბსოლუტურად მობილიზებული ვართ, რომ სამუშაო პროცესი ყველა მიმართულებით გავშალოთ და ეს პროცესები ისე წარიმართოს, რომ ეროვნულ გამოცდებამდე გარკვეული დროით ადრე უკვე მთელი სისტემა გვქონდეს აწყობილი. აქვე დავამატებ, რომ რიგ მიმართულებებზე, მაგალითად, ბიზნესმიმართულებაზე უკვე რამდენიმე წელიწადია, საქართველოში საბაკალავრო სისტემა სამწლიან ეტაპზეა გადასული“, - განაცხადა მიქანაძემ.

როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, განცხადებები, თითქოს ეს რამე ჭრილში წინააღმდეგობაში მოდის ბოლონიის პროცესთან, არის წმინდა წყლის სიცრუე.

„ყველა ის ადამიანი, ვინც აცხადებს, რომ ეს რამე ჭრილში მოდის წინააღმდეგობაში ბოლონიის პროცესთან, ცრუობს. ეს არის წმინდა წყლის სიცრუე და მცდელობა, სავარაუდოდ, მიზანმიმართული, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში“, - დასძინა მიქანაძემ.