Loading data...
მეუფე შიო: ვმადლობთ ღმერთს, რომ ჩვენი ერი ინარჩუნებს საოცარ, უმთავრეს და უდიდეს საუნჯეს, რაც ღვთისგან გვებოძა – მართლმადიდებელ სარწმუნოებას

„ვმადლობთ ღმერთს, რომ ჩვენი ერი ინარჩუნებს საოცარ, უმთავრეს და უდიდეს საუნჯეს, რაც ღვთისგან გვებოძა – მართლმადიდებელ სარწმუნოებას… ჩვენი ერი ერთგულია მართლმადიდებელი ეკლესიისა“, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მართლმადიდებლობის ზეიმზე წარმოთქმულ მისალოც სიტყვაში.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ძვირფასო მამებო, დედებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს – მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს.

დღეს ჩვენ ვზეიმობთ, რამეთუ ვართ საქართველოს ეკლესიის შვილები, საქართველოს შვილები, რომელიც მოაქცია მოციქულთა ქადაგებამ და ვმადლობთ ღმერთს, რომ ჩვენი ერი ინარჩუნებს ამ საოცარ, უმთავრეს და უდიდეს საუნჯეს, რაც ღვთისგან გვებოძა – მართლმადიდებელ სარწმუნოებას და დღესაც თქვენი წინამძღოლობით და ლოცვა-კურთხევით ჩვენი ერი ერთგულია მართლმადიდებელი ეკლესიისა.

ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ საოცარ მოვლენას: 1990 წელს ღვთის წყალობით და თქვენი დიდი ღვაწლით, თქვენი დაუღალავი შრომით კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალია. ამ დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, თქვენ ბრძანდებოდით კონსტანტინოპოლში და ყოვლადუწმინდესის, მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის მიერ გადმოგეცათ და თქვენი სახით ყველას, ჩვენ, მთელ საქართველოს ეკლესიას, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის და მტკიცების სიგელი და კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულის ცნობის სიგელი. 

ეს იყო დიდი სიხარული, გამარჯვება მთელი ჩვენი ეკლესიისა; ეს იყო შედეგი, თქვენო უწმინდესობავ, თქვენი დიდი ღვაწლისა და დიდი ავტორიტეტისა. 

ამ დიდ მოვლენას, რომელიც ნამდვილად არის ერთ-ერთი გამორჩეული ფურცელი ჩვენი ერის და ეკლესიის ისტორიაში, წინ უძღოდა დიდი სამეცნიერო მუშაობა თქვენი და თქვენი თანამოსაგრე ადამიანებისა, მეცნიერებისა, სასულიერო პირებისა და ასევე, დიდი მუშაობა ეკლესიათაშორისი ურთიერთობების თვალსაზრისით. 

სწორედ თქვენი ერთ-ერთი მთავარი დამსახურება კიდევ ის არის, რომ ამ დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ჩვენი ავტოკეფალია არის უძველესი დროიდან.

გილოცავთ კიდევ ერთხელ, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ამ დიდ მოვლენას. მინდა, შვილებრივი სიყვარულით მადლობა გადაგიხადოთ ამ დიდი ღვაწლისთვის. ჩვენ გვეამაყებით თქვენ; გვეამაყებით, როგორც ჩვენი სულიერი მამა; გვეამაყებით, როგორც წინამძღოლი, პატრიარქი და ერის მამა, ეთნარქი ნამდვილი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. 

ვევედრებით უფალს თქვენი ჯანმრთელობისთვის, თქვენი დღეგრძელობისთვის, თქვენი სულიერი სიმხნევისთვის და ჩვენი, ყველას – ჩვენი ეკლესიისა და ერის – გადარჩენისა და გაძლიერებისთვის. ამინ“, - განაცხადა მეუფე შიომ.