მეუფე შიო: თუ ჩვენი სურვილი ნამდვილია, ძლიერი და სერიოზულია, თუ ჩვენ მივმართავთ უფალს შეწევნისთვის, ის აუცილებლად თავისი მადლით მოვა, გამოგვასწორებს და განგვწმენდს
„უფალიც ელოდება ჩვენგან, რომ ჩვენი ცოდვებით დამძიმებული და დაჭრილი სული ვაიძულოთ, მივმართოთ ღმერთს ხსნისა და წყალობისთვის... მრავალი ჩვენგანი დამოუკიდებლად ცდილობს, რაღაც გამოასწოროს თავის სულში, თავის ცხოვრებაში ღმერთის გარეშე, თავისი ძალებით, მაგრამ ეს უშედეგო მცდელობაა... ჩვენი გამოსწორება, შინაგანი ცვლილება მხოლოდ ღმერთს შეუძლია...“ , - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, დღეს ჩვენ ვიხსენებთ უფალ იესო ქრისტეს ჯვარცმას და ჯვრიდან გარდამოხსნას.
ჩვენი ეკლესიის დიდებული და უძველესი ღვთისმსახურების მეშვეობით, რომელიც შეადგინეს დიდმა წმინდა მამებმა, ცნობილმა ჰიმნოგრაფებმა, საუკეთესო პოეტებმა, მოაზროვნეებმა და ბრძენკაცებმა, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ არა მხოლოდ შევიტყოთ უფალ იესო ქრისტესთან დაკავშირებული ამბები სახარებიდან, არამედ, როგორც გითხარით, ღვთისმსახურების მეშვეობით გავხდეთ მონაწილენი ამ ამბებისა.
ამიტომ დღეს გამოვაბრძანეთ წმინდა გარდამოხსნა და ყველანი ვართ მონაწილენი ამ მოვლენისა, მაგრამ აქ შეკრებილნი ვართ არა ისინი, ვინც სულ ცოტა ხნის წინ ყვიროდა: „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგე!“ (ინ. 19, 6), არამედ ვინც ვეუბნებით უფალს: „შეგვინდე, უფალო“.
ჩვენ ეკლესიის მიერ ვართ უკვე განსწავლულნი, ვიცით ეკლესიის სწავლება, რომ ჩვენი ცოდვებით კვლავდაკვლავ ჯვარს ვაცვამთ უფალს; რომ იგი მოვიდა დედამიწაზე, განკაცდა, ივნო და მოკვდა, რათა განგვათავისუფლოს ცოდვების ტყვეობისგან, ცოდვების ტვირთისგან.
ვინ იყო პირველი ადამიანი, ვინც უფალმა გაათავისუფლა ამ ტვირთისგან? – ერთ-ერთი ჯვარცმული ავაზაკი, გონიერი ავაზაკი, რომელმაც ისე განიცადა უდანაშაულო მაცხოვრის ტანჯვა, რომ თავისი ცოდვები აღიარა და სინანულით მიმართა მაცხოვარს ჯვრიდან.
უფალიც სწორედ ამას ელოდება ჩვენგან, რომ ჩვენი ცოდვებით დამძიმებული და დაჭრილი სული ვაიძულოთ, მივმართოთ ღმერთს ხსნისა და წყალობისთვის, იმიტომ, რომ მრავალი ჩვენგანი, ზოგიერთი – წლების განმავლობაშიც კი, დამოუკიდებლად ცდილობს, რაღაც გამოასწოროს თავის სულში, თავის ცხოვრებაში ღმერთის გარეშე, თავისი ძალებით, მაგრამ ეს უშედეგო მცდელობაა, მხოლოდ ამპარტავნული და უგუნური მცდელობაა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი გამოსწორება, შინაგანი ცვლილება მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ჩვენი ძალებით, ვიმეორებ, ეს არ ძალგვიძს. შეიძლება, გარეგნულად ოდნავ რაღაც შევცვალოთ, ჩვენი გარეგნული ქცევა შევცვალოთ, მაგრამ შევიცვალოთ შინაგანად, ეს ჩვენთვის მიუღწეველია, როგორც ამბობს უფალი: „უჩემოდ არ შეგიძლიათ არაფერი!“ (ინ. 15, 5).
აი, ძვირფასო ძმებო და დებო, უფალს სურს ჩვენი გამოსწორება და განწმენდა. შეგახსენებთ, ერთხელ მივიდა მასთან სნეული და მიმართა: „უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია, რომ განმწმინდო“. რა მიუგო უფალმა? – „მნებავს, განიწმინდე!“ (მთ. 8, 2-3).
ასე რომ, უფალს ეს სურს. დაემთხვა ადამიანის ნება და ღმერთის ნება და ის ადამიანი განიკურნა.
ასე რომ, უფალს სურს ჩვენი გამოსწორებაც, ჩვენი განწმენდაც, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ეს ჩვენ გვინდა.
თუ ჩვენი სურვილი ნამდვილია, ძლიერი და სერიოზულია, თუ ჩვენ მივმართავთ უფალს შეწევნისთვის, ის აუცილებლად თავისი მადლით მოვა, გამოგვასწორებს და განგვწმენდს.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
ვევედროთ უფალს, მოგვცეს ძალა, შეწევნა, რომ ვიაროთ ჭეშმარიტების გზით, სინათლის გზით და ქრისტესთან ერთად. ამინ!“ - აცხადებს მეუფე შიო.