მეუფე შიო მუჯირი - ვეცადოთ, უფრო ხშირად, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ევქარისტიის საიდუმლოებაში, რათა მივიღოთ ყველაფერი, რაც ღვთის მადლით მოგვეცა ჩვენი სულის ცხონებისა ფერისცვალებისთვის
„გილოცავთ დღევანდელ დღეს, როდესაც ვიხსენიებთ საიდუმლო სერობას, უფალ იესო ქრისტეს მიერ ევქარისტიის საიდუმლოების დაარსებას. დიდება უფალს ამ წყალობის, სიყვარულისთვის. ვეცადოთ, უფრო ხშირად, აქტიურად ვიმონაწილეოთ ევქარისტიის საიდუმლოებაში, რათა მივიღოთ ყველაფერი ის, რაც ღვთის მადლით მოგვეცა ჩვენი სულის ცხონების, ფერისცვალებისთვის“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე შიომ ქადაგებისას ისაუბრა, რას ნიშნავს ევქარისტია.
„ევქარისტია ნიშნავს მადლიერებას. მადლიერების მსხვერპლი დააწესა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ საიდუმლო სერობაზე, როდესაც თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა და ამით გვიჩვენა სიმდაბლის მაგალითი, თუ როგორ უნდა ვექცეოდეთ ერთმანეთს. რატომ ჰქვია ამ ლოცვით შეკრებას სერობა, თანაც საიდუმლო, ვინაიდან უფალმა ეს მსახურება აღასრულა, როდესაც შეკრიბა თავისი მოწაფეები ებრაელთა პასექის სერობის შესასრულებლად. ყველაფერი აღასრულა ისე, როგორც ძველი აღთქმის ეკლესიაში სრულდებოდა, მაგრამ ერთი მთავარი განსხვავებით, მან განტეხა პური, აიღო სასმისი და თქვა, ეს არის ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მისატევებლად ცოდვათა. აიღო სასმისი და თქვა, ეს არის სისხლი ჩემი ახალი აღთქმის, ამას ჰყოფდეთ ჩემს მოსახსენებლად. ევქარისტიის შესახებ იგი სხვაგან ასევე ამბობს, რომ ვინც სჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია და მე მასში. აი, საიდან იღებს დასაბამს ევქარისტიის საიდუმლო. იმ ლოცვებს, რომელსაც დღესაც ვკითხულობთ ლიტურგიაზე, ევქარისტიული ლოცვები ეწოდება, რადგან, ვიმეორებ, ევქარისტია ნიშნავს მადლიერებას, ევქარისტიული – სამადლობელ ლოცვებს, მადლობის, მადლიერების ლოცვებს.
ევქარისტია მოდის უფლისგან, პირველი საუკუნიდან, მაგრამ ის თანდათან ყალიბდებოდა და საბოლოო სახე მიიღო მეოთხე საუკუნეში. ჩვენ ზუსტად იმავე სახით აღვასრულებთ წმინდა ლიტურგიას და ლიტურგიული მსახურების ცენტრში არის ღვთისადმი მადლიერება, უფალ იესო ქრისტეს გახსენება, როგორც მან გვიანდერძა. ებრაელები თუ იხსენებდნენ ეგვიპტედან გამოსვლას, მონობიდან განთავისუფლებას, ჩვენ საიდუმლო სერობაზე, ანუ ევქარისტიის საიდუმლოში ვიხსენებთ უფალ იესო ქრისტეს ცხოვრებას, მის ვნებებს, ჯვარცმას, სიკვდილს და აღდგომას. ყველაფერ იმას, რაც მან გვიანდერძა, რაც მოიტანა ღმერთმა დედამიწაზე ჩვენს საცხონებლად. ამ მსახურების ცენტრში არის მადლიერება, ასევე ლოცვები, რომელსაც ევქარისტიული ეწოდება. ასევე ამის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი არის პურისა და ღვინის ზეამაღლება, სულიწმინდისადმი ლოცვა გარდამოვლენის შესახებ და ლოცვა იმაზე, რომ პური და ღვინო გარდაიქმნას ქრისტეს სისხლად და ხორცად. მაშასადამე, ევქარისტიის დროს სრულდება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ სამყაროში, რომ ქრისტე არს ჩვენ შორის, როგორც ამბობს ის სახარებაში, რომ ორი თუ სამი თუ შეიკრიბება ჩემი სახელით, მე ვარ მათ შორის.
ევქარისტიის საიდუმლოს ასევე ეწოდება წმინდა ზიარების საიდუმლოება, რადგან ამ დროს სრულდება ყველაზე მჭიდრო კავშირი ღმერთსა და სამყაროს შორის, უმჭიდროესი კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის. იმ ადამიანს შორის, რომელიც სათანადოდ ცხოვრობს და მართებული, სულიერი განწყობით ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ამ დროს ჩვენ ვუერთდებით უფალ იესო ქრისტეს და წილმქონენი ვხდებით მისი სხეულის, მისი ღვთაების, თანამესხეულენი ვხდებით უფალი იესო ქრისტესი. არა მხოლოდ მისი თანამესხეულენი ვხდებით, არამედ ერთიმეორეს ვეზიარებით, რამეთუ ერთი პურიდან ვიღებთ ზიარებას. აი, რატომ ჰქვია, მეორე მხრივ, ზიარება. როგორი საოცარი რამ ხდება, აი, რატომ ეწოდება ამას საიდუმლოება.
ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. მადლობა და დიდება უფალს ამ წყალობის, სიყვარულისთვის. ვეცადოთ, უფრო ხშირად, აქტიურად ვიმონაწილეოთ ევქარისტიის საიდუმლოებაში, რათა მივიღოთ ყველაფერი ის, რაც ღვთის მადლით, ძალით მოგვეცა ჩვენი სულის ცხონების, ფერისცვალებისთვის. მივიღოთ ეს ყველაფერი, ეს წყალობა და მადლი საიმისოდ, რომ, მთესველის შესახებ სახარებისეულ იგავში როგორც წერია, ჩვენი გული არ იყოს ქვიანი ნიადაგი, ეკლიანი ან გზის პირას მდებარე, არამედ კეთილი ნიადაგი, რომ ღვთის სიტყვამ ჩვენს გულში კეთილი ნაყოფი გამოიღოს ჩვენს საცხოვნებლად, ჩვენს გადასარჩენად ამ ცხოვრებაშიც და მარადისობაშიც“, – განაცხადა მეუფე შიომ.