მეუფე შიო: მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია
მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია, - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, პატრიარქობის კანდიდატმა, მეუფე შიომ გაფართოებული საეკლესიო კრების გახსნისას.
მეუფე შიომ აღნიშნა ისიც, რომ ილია მეორის მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და ეკლესიის
მომავალზე ფიქრი ავალდებულებს ყველას, განაგრძოს ეს გზა ეკლესიის ერთგული მსახურებით, სიყვარულით, ურთიერთპატივისცემითა და ერთობით, რაც ყოველთვის იყო მისი უწმინდესობის უმთავრესი საზრუნავი.
„1 700 წლის წინ ჩვენმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ამ დღიდან მოყოლებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეროვნულ-სარწმუნოებრივი ერთობის, თვითმყოფადობის, კულტურის, სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და აზროვნების მთავარ საყრდენად იქცა. ამიტომაც არის ერთმანეთთან ასე ძალუმად გადაჯაჭვული ჩვენი ეკლესიისა და ერის ისტორია. ამიტომ იყვნენ ჩვენი გმირი წინაპრები და წმინდა მეფე-დედოფლები ქრისტეს ერთგული მსახურნი, მაგალითი ჭეშმარიტი სარწმუნოების. ჩვენი ეკლესიის მნათობთა შორის განსაკუთრებით ბრწყინავს იმ სასულიერო პირების ღვაწლი, რომელთა მსახურებაც ქრისტეს რწმენის ერთგულებასთან ერთად, ქვეყნის ერთგულებას, სახელმწიფოებრიობის სიმტკიცესა და შენარჩუნებას ემსახურებოდა.
დღეს აქ შეკრებილნი მადლიერებითა და სიყვარულით ვიხსენებთ საქართველოს ეკლესიის მამამთავრებს. მათ შორის წმინდა მღვდელმოწამე კირიონს, წმინდა ამბროსი აღმსარებელს, წმინდა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს, მე-20 საუკუნეში მოღვაწე სხვა ღირსეულ კათოლიკოს-პატრიარქებს - ლეონიდეს, ქრისტეფორეს, მელქისედეკ მესამეს, ეფრემ მეორეს, დავით მეხუთეს და რა თქმა უნდა, ჩვენს ძვირფას სულიერ მამას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.
40 დღეზე მეტმა განვლო ილია მეორის გარდაცვალებიდან. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა მისი უწმინდესობის სულიერი სიდიადე და ნამდვილი სახე მოძღვრისა, მწყემსმთავრისა, რომელიც მთელი თავისი ღვაწლით, დიდი სიყვარულითა და რწმენით ერს აერთიანებდა და უფლისკენ მიუძღოდა. მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ უნდა გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, როგორ დაიცვას თავისი სამწყსო და მისი მომავალი. ამ კითხვებზე პასუხები კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია. ძნელია, მოიძებნოს საეკლესიო ცხოვრების სფერო, რომელზეც მის უწმინდესობას და უნეტარესობას არ უზრუნია. მათ შორისაა ხალხთან ღვთის სიტყვის მიტანა და მისიონერობა, საეკლესიო და სამონაზვნო ცხოვრების ღვთისმსახურებისა და ეკლესიის იურისდიქციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, საეკლესიო ადმინისტრაციული მოწყობის სრულყოფა, ეპარქიებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის განმტკიცება, ეკლესიის საგარეო ურთიერთობების განვითარება, საზღვარგარეთ არსებულ ქართულ დიასპორებსა და ეპარქიებზე ზრუნვა, განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა, ახალგაზრდების აღზრდაზე ზრუნვა, ტაძრებთან სამრევლო სკოლების გახსნა, ქართული ტრადიციული გალობისა და სხვა სახელოვნებო დარგების აღდგენა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისთვის განსაკუთრებული ლოცვა, ფიქრი და სხვა.
სწორედ ამგვარად აღიბეჭდა მისი ცხოვრება და ნახევარსაუკუნოვანი დაუღალავი საპატრიარქო მსახურება ჩვენს მეხსიერებაში. მისი მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და ეკლესიის მომავალზე ფიქრი გვავალდებულებს, განვაგრძოთ ეს გზა ეკლესიის ერთგული მსახურებით, სიყვარულით, ურთიერთპატივისცემითა და ერთობით, რაც ყოველთვის იყო მისი უწმინდესობის უმთავრესი საზრუნავი“, - აღნიშნა მეუფე შიომ.