Loading data...
მეუფე შიო: ღვთის სასუფეველი - ეს არის სიყვარულის სასუფეველი, ურთიერთსიყვარულის სასუფეველი, მისი კარი იხსნება მხოლოდ იმ ადამიანთა წინაშე, ვისაც სიყვარულის გარდა, სხვა არაფრის იმედი აქვს

„ღვთის სასუფეველი - ეს არის სიყვარულის სასუფეველი, ურთიერთსიყვარულის სასუფეველი. მისი კარი იხსნება მხოლოდ იმ ადამიანთა წინაშე, ვისაც სიყვარულის გარდა, სხვა არაფრის იმედი აქვს. ვისაც ჰგონია, რომ თავისი სიმართლით და დამსახურებებით შევა სასუფეველში, მას იქ არასდროს მიიღებენ, ვერასდროს დაიმკვიდრებს ის სასუფეველს, რადგან სასუფეველი ღვთისა არ არის კანონების და დამსახურებების სასუფეველი. ეს არის ღვთის მოწყალებისა და სიყვარულის სასუფეველი...“, - იქადაგა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან ოცდამეშვიდე კვირას.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. დღეს იყო წაკითხული სახარებიდან უფალ იესო ქრისტეს საუბარი ახალგაზრდა რჯულის მეცნიერთან, რომელმაც ჰკითხა მას, რა გავაკეთო, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროო? (ლკ. 18, 18). უფალმა მას გაახსენა ძველი აღთქმის მცნებები: „არა იმრუშო“, „არა კაც ჰკლა“, „არა იპარო“, „არ მოიტყუო“, „პატივი ეცი შენს მშობლებს“ (გამ. 20, 12-16; რჯ. 5, 16-20) და ა. შ. კაცმა მიუგო, რომ ამ მცნებებს ბავშვობიდან იცავდა, მართალი ვარ ღვთისა და ადამიანთა წინაშეცო.

თუ ასე ფიქრობს, თუ მიაჩნია, რომ ასეთი მართალია და ყველაფერს იცავს, მაშ რატომ ეკითხება მაცხოვარს? იმიტომ, რომ გულის სიღრმეში მაინც ფიქრობს, ჰგონია, რომ ის მართალია დაწერილი რჯულის წინაშე, ან რჯულით თითქოს მართლდება, მაგრამ რჯულის მიღმა არის კიდევ უფრო დიდი სიმართლე; რომ რჯულის მხოლოდ ასე ფორმალურად დაცვა არ არის საკმარისი; საჭიროა, რჯულის სულის გაგება, ჩაწვდომა ამ სულისა იმისთვის, რომ ადამიანმა სასუფეველი დაიმკვიდროს.

მაცხოვარი მას ასევე ეტყვის: „თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, თუ შენ ყველაფერ ამას იცავ, მაშინ მიატოვე შენი ქონება და მე გამომყევი“ (ლკ. 18, 22). ეს კაცი მდიდარი იყო მატერიალურად, მაგრამ ამის გარდა, ძვირფასო ძმებო და დებო, იგი მდიდარი იყო თავის თავზე დიდი წარმოდგენითაც, თავისი სათნოებების, თავისი სიკეთის შეგნებით იყო მდიდარი. მას ეგონა, რომ ყველაფერი შეასრულა ღვთის წინაშე, ადამიანთა წინაშე და მართალია. უფალი ამბობს, რომ მათ შორის ასეთი სიმდიდრეც უნდა მიატოვოს ადამიანმა. თუ ამას არ იზამს, სასუფეველში ვერ შევა. აი, ასეთი საოცარი დიალოგია. 

მაშასადამე, ღვთის სასუფეველი - ეს არის სიყვარულის სასუფეველი, ურთიერთსიყვარულის სასუფეველი. მისი კარი იხსნება მხოლოდ იმ ადამიანთა წინაშე, ვისაც სიყვარულის გარდა, სხვა არაფრის იმედი აქვს. ვისაც ჰგონია, რომ თავისი სიმართლით და დამსახურებებით შევა სასუფეველში, მას იქ არასდროს მიიღებენ, ვერასდროს დაიმკვიდრებს ის სასუფეველს, რადგან სასუფეველი ღვთისა არ არის კანონების და დამსახურებების სასუფეველი. ეს არის ღვთის მოწყალებისა და სიყვარულის სასუფეველი. თუ ადამიანს ჰგონია, რომ დამსახურებების გამო მიიღებენ, მიიტანს იქ თავის სიმართლეს და უფლებებს, რომ მას უფლება აქვს მისი დამკვიდრების, ასეთი ადამიანი სასუფეველში ვერასდროს შედის, არამედ - მხოლოდ ის, ვინც ფიქრობს, რომ არანაირი უფლება არ აქვს სასუფევლისა, არანაირი დამსახურება არ აქვს და არაფრით ღირსი არ არის. აი, ასეთების წინაშე იხსნება, ძვირფასო ძმებო და დებო, სასუფევლის კარი.

ამრიგად, ეს უნდა ვისწავლოთ - უარი ვთქვათ ასეთ სიმდიდრეზე. იმიტომ ამბობს დღევანდელ სახარებაში მაცხოვარი, რომ: „მდიდარი ვერ შევა სასუფეველში“, აქ მხოლოდ მატერიალურ სიმდიდრეზე არ არის საუბარი, არამედ უნდა ვეცადოთ, მოვიპოვოთ ეს სულის სიგლახაკე, რომელზეც უფალი ამბობს: „ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“ (მთ. 5, 3).

როდესაც დავგლახაკდებით (კარგი გაგებით), გავხდებით უმწეონი ამ გაგებით, რომ მხოლოდ ღვთის წყალობისა და სიყვარულის იმედი გვექნება, მეტი არაფრის, აი, მაშინ დამკვიდრდება ჩვენშიც და განივრცობა ჩვენ ირგვლივაც სასუფეველი ღვთისა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, - იქადაგა მეუფე შიომ.