Loading data...
მეუფე შიო: დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ საქართველოს ეკლესიის ახალი მწყემსმთავარი

„დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ. ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო, ავტოკეფალიური ეკლესიის ახალი მწყემსმთავარი“, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ.

მისივე თქმით, თანამედროვე ცხოვრების ქარტეხილების, დიდი ისტორიული გამოცდილების და ღვთივგამორჩეული პიროვნებების ღვაწლის ფონზე განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა არჩევანი ღვთის და ერის წინაშე.

„ამავდროულად ეს მოვალეობა გვაძლევ ძალას და იმედს, რომ უფლის შეწევნით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი ჭეშმარიტი რწმენის, ქართული ერის, ტრადიციების და ისტორიული მეხსიერების დამცველი, კვლავაც ამ გზით გააგრძელებს სვლას.

მადლობა ღმერთს, რომ დღეს აქ შეკრებით, მშვიდობით და ერთობით ვაგრძელებთ ეკლესიისა და ერისთვის მსახურებას. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ამინ.

საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალიური, მართლმადიდებელი ეკლესიის მე-14 საეკლესიო კრებას გახსნილად ვაცხადებ“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

სამების საკათედრო ტაძარში, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე დღეს ახალ კათალიკოსს გამოარჩევენ.