მეუფე შიო: ამ 40 დღის განმავლობაში, ღვთის შეწევნით, კრძალვით განვასრულეთ ჩვენი შვილებრივი მოვალეობა. ეს დრო იქცა ჩვენთვის ერთგვარი დაფიქრების, მისი უწმინდესობის პიროვნების ახლებურად დანახვის, ასევე ჩვენი თავის, ჩვენი ხალხის შეცნობის დღეებად
„განვლო 40-მა დღემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან, ამ 40 დღის განმავლობაში, ღვთის შეწევნით, შეძლებისდაგვარად, კრძალვით განვასრულეთ ჩვენი შვილებრივი მოვალეობა. ეს დრო იქცა ჩვენთვის ერთგვარი დაფიქრების, მისი უწმინდესობის პიროვნების ახლებურად დანახვის, ასევე ჩვენი თავის, ჩვენი ხალხის შეცნობის დღეებად“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, უფალმა ჩვენ გვანახა კათოლიკოს პატრიარქის ჭეშმარიტი სახე, როგორც ნამდვილი მოძღვრისა, რომელსაც უფალთან მიჰყავს მისი სამწყსო და რომელიც მოსეს მსგავსად უჩვენებდა ჩვენ ერს სულიერი ტყვეობიდან გამოხსნის გზას.
„განვლო 40-მა დღემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან და ჩვენ გვახსენდება ბიბლიიდან წმინდა მამამთავარი იოსები, რომელმაც თავის მამას მამამთავარ იაკობს განუკუთვნა 40 დღიანი დაკრძალვითი მსახურება და გლოვა.
და აი ჩვენც, ამ 40 დღის განმავლობაში, ღვთის შეწევნით, შეძლებისდაგვარად, კრძალვით განვასრულეთ ჩვენი შვილებრივი მოვალეობა. ეს დრო იქცა ჩვენთვის ერთგვარი დაფიქრების, მისი უწმინდესობის პიროვნების ახლებურად დანახვის, ასევე ჩვენი თავის, ჩვენი ხალხის შეცნობის დღეებად. ის, რისი მომსწრენიც ჩვენ გავხდით, იმ უჩვეულო სიდიადით აღვსილმა სიჩუმემ, რომელმაც დაისადგურა მისი უწმინდესობის გარდაცვალების შემდეგ, განგვაცდევინა მოწიწებაც, სიყვარულიც და ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ სულიერი გამოფხიზლება და აღმავლობაც.
უფალმა ჩვენ გვანახა კათოლიკოს პატრიარქის ჭეშმარიტი სახე, როგორც ნამდვილი მოძღვრისა, რომელსაც უფალთან მიჰყავს მისი სამწყსო და რომელიც მოსეს მსგავსად უჩვენებდა ჩვენ ერს სულიერი ტყვეობიდან გამოხსნის გზას და უნათებდა ამ გზას აღთქმული ქვეყნისკენ.
ეს არის სახე ნამდვილი ქრისტიანის, ნამდვილი მწყემსმთავარის, ნამდვილი მოძღვრის, რომელზეც ამბობდა წმინდა მოციქული პავლე მოციქული, რომ „მე აღარ ვცხოვრობ, არამედ ჩემში ცოცხლობს ისეო ქრისტე“. შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ დიახ, მის უწმინდესობაში, მის პიროვნებაში ცხოვრობდა უფალი იესო ქრისტე. მის ღვაწლში, მის ყოველდღიურ საქმიანობაში“,- განაცხადა მეუფე შიომ.