Loading data...
მეუფე შიო: პატრიარქმა ჩაიბარა საქართველოს ეკლესია დაკნინებულ, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულ მდგომარეობაში და დაგვიტოვა გაძლიერებული, აღშენებული, გამართული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში

„პატრიარქმა ჩაიბარა საქართველოს ეკლესია დამცრობილ, დაკნინებულ, დევნილ მდგომარეობაში, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულ მდგომარეობაში და დაგვიტოვა ჩვენ, მის შვილებს, გაძლიერებული, აღშენებული, გამართული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში“, - განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირმა) წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, ილია მეორის სახით ჩვენ შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მეოხი, მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცხოვრება, ისე, როგორც მან დაგვიბარა და გვიანდერძა. 

„მას საოცარი თვისება ჰქონდა, მისი მამობრივი სიყვარული, მასშტაბი, ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა როგორც მთელ საქართველოს, ისე თითოეულ ადამიანს, რომელსაც ოდესმე მასთან შეხება ჰქონია. საოცარი მადლი ჰქონდა, რომ ამ ადამიანებში ახდენდა დიდ ფერისცვალებას და ჩვენი ცხოვრება, ვისაც მასთან შეხება გვქონია, უკეთესობისკენ იცვლებოდა. არ არის შემთხვევითი, რომ მან ღვთივგანისვენა სწორედ დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში, როდესაც ეკლესია თაყვანს სცემს თავგანწირული სიყვარულის ამ უმთავრეს ნიშანს და სიმბოლოს - პატიოსან, ცხოველმყოფელ ჯვარს. წმინდა სინოდის მიმართვაში იყო აღნიშნული, რომ ეს არის მინიშნება იმის, რომ მისი უწმინდესობის ღვაწლი იყო ჭეშმარიტად მოწამებრივი. ასევე, მინდა დავამატო, რომ, როგორც უკვე გაიგეთ, მისი დასაფლავება კვირას გაიმართება, როდესაც ეკლესია აღნიშნავს იოანე კიბისაღმწერლის ხსენებას და გვმოძღვრავს ჩვენ სულიერი კიბის შესახებ, რომელიც სათნოებათა გზით მიმყვანებელია განღმრთობისკენ და სულის ცხონებისკენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის შემთხვევითი, რომ მის უწმინდესობაში და უნეტარესობაში ეს იყო შერწყმული - მოწამებრივი გზა და ღვაწლი და სულიერ კიბეზე უმაღლესი საფეხურის მიღწევა, რომელსაც ჩვენ ვხედავდით და ვხედავთ. ეს არის სათნოებები, რომლებიც მან მოიხვეჭა - დიდი სიყვარული, საოცარი სიმდაბლე, მოთმინება, სიბრძნე და სხვა.

შეუძლებელია, დღეს ყველაფერზე ვისაუბროთ, ამ დროს გვინდა, ჩვენი გული სავსეა ემოციებით, ფიქრებით და სიყვარულით. მაგრამ, ალბათ, ერთ-ერთი უმთავრესი მისი უზარმაზარი ღვაწლიდან  არის ის, რომ მან ჩაიბარა საქართველოს ეკლესია დამცრობილ, დაკნინებულ, დევნილ მდგომარეობაში, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულ მდგომარეობაში და დაგვიტოვა ჩვენ, მის შვილებს, გაძლიერებული, აღშენებული, გამართული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში. დიდი სიყვარულით ქედს ვიხრით მისი მამობრივი ღვაწლის წინაშე და მადლობას ვუხდით მას ამისთვის. ჩვენი გული ივსება მწუხარებასთან ერთად სასოებით და იმედით, რომ უფალი მას მართალთა თანა განუსვენებს ცათა სასუფეველში და მისი სახით ჩვენ შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მეოხი, მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა ჩვენ, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრება, სახელმწიფოებრივი ცხოვრება, ისე, როგორც მას სურდა, ისე, როგორც მან დაგვიბარა და გვიანდერძა, რომ შევძლოთ ერთსულოვნება, ურთიერთსიყვარული, ურთიერთშერიგება და იმ ღირებულებებზე საბოლოოდ მყარად დაბრუნება, რომლის აღორძინებასა და გავრცელებაში უდიდესი როლი შეასრულა მისმა ღვაწლმა და მისმა ცხოვრებამ.

კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ, ჩემო საყვარელო, ძვირფასო ადამიანებო, მეგობრებო. ღმერთმა შეუნდოს და ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სული და ჩვენ შეგვაძლებინოს, ღირსეულად აღვასრულოთ ეს დღეები, დაკავშირებული მის დასაფლავებასთან და ღირსეულად შევძლოთ, გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება და ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე. ძნელია დღეს საქართველოს და ეკლესიის წარმოდგენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარეშე, მაგრამ ის ჩვენთან არის და ჩვენთან იქნება ყოველთვის. ამის ჩვენ გვწამს და გვჯერა“, - განაცხადა მეუფე შიომ.