Loading data...
მეუფე შიო - ღრმად გვწამს, რომ ამიერიდან ჩვენ, ჩვენს ქვეყანას გვეყოლება დიდი მეოხი სასუფეველში და ილია მეორე თავისი ლოცვით შეგვეწევა, რათა ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა

„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მისი უწმინდესობის სული დაიმკვიდრებს ხელთუქმნელ და მარადიულ ადგილს უფლის სასუფეველში და ამიერიდან ჩვენ, ჩვენს ქვეყანას გვეყოლება დიდი მეოხი და ის თავისი ლოცვით შეგვეწევა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა, რომელიც დამყარებულია ეკლესიის სიყვარულსა და ერთგულებაზე, ღვთისადმი, სამშობლოსადმი და მოყვასისადმი სიყვარულზე და განსაკუთრებით იმაზე, რასაც გვიქადაგებდა – მშვიდობაზე, ერთგულებაზე, მიმტევებლობაზე, ლმობიერებაზე“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, სადაც პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, წირვა და პანაშვიდი აღასრულა. 

როგორც მეუფე შიომ ქადაგებისას განაცხადა, განვლილი 40 დღე იქცა ერთგვარი დაფიქრების, მისი უწმინდესობის, ილია მეორის პიროვნების ახლებურად დანახვის, ასევე – ქართველი ხალხის ახლებურად შეცნობის დღეებად.

„ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, აი, განვლო ორმოცმა დღემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან და ჩვენ გვახსენდება ბიბლიიდან წმინდა მამამთავარი იოსები, რომელმაც თავის მამას, მამამთავარ იაკობს, განუკუთვნა ორმოცდღიანი დაკრძალვითი მსახურება და გლოვა (დაბ. 50, 2-3).

და აი, ჩვენც ამ ორმოცი დღის განმავლობაში, ღვთის შეწევნით, შეძლებისდაგვარად კრძალვით განვასრულეთ ჩვენი შვილებრივი მოვალეობა ამ პერიოდში.

ეს დრო იქცა ჩვენთვის, ალბათ ყველა დამეთანხმება, ერთგვარი დაფიქრების, მისი უწმინდესობის პიროვნების ახლებურად დანახვის, ჩვენი თავის, ჩვენი ხალხის შეცნობის დღეებად.

ის, რისი მომსწრენიც გავხდით, იმ უჩვეულო, თუ შეიძლება ასე ითქვას, სიდიადით აღვსილმა სიჩუმემ, რომელმაც დაისადგურა მისი უწმინდესობის გარდაცვალების შემდეგ, განგვაცდევინა მოწიწებაც, სიყვარულიც და ალბათ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ სულიერი გამოფხიზლებაც და აღმავლობაც!

უფალმა გვანახა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ჭეშმარიტი სახე, როგორც ნამდვილი მოძღვრისა, რომელსაც უფალთან მიჰყავს თავისი სამწყსო და რომელიც მოსეს მსგავსად უჩვენებდა ჩვენს ერს სულიერი ტყვეობიდან გამოხსნის გზას და უნათებდა ამ გზას აღთქმული ქვეყნისკენ.

ეს არის სახე ნამდვილი ქრისტიანის, ნამდვილი მწყემსმთავრის, ნამდვილი მოძღვრის, რომელზეც ამბობდა წმინდა პავლე მოციქული: „მე აღარ ვცხოვრობ, არამედ ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე“ (გალ. 2, 20). აი, შეიძლება ვთქვათ, რომ დიახ, მის უწმინდესობასა და უნეტარესობაში, მის ღვაწლში, მის ყოველდღიურ საქმიანობაში, მის პიროვნებაში ცოცხლობდა უფალი იესო ქრისტე, იმ დიდ ღვაწლში, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანისკენ, აღორძინებისა და გადარჩენისკენ.

სწორედ ამ ღვაწლის შედეგი და ნაყოფი იყო და არის ის საოცრება, რაც ჩვენ ვიხილეთ - ქართველი ხალხის პასუხი მის სიყვარულზე. დღემდე არ წყდება ნაკადი მისი უწმინდესობის საფლავთან. ყველა ასაკის, ყველა ფენის ადამიანს სურს, გამოხატოს მისდამი სიყვარული და მადლიერება. რაოდენ სასიხარულოა, რომ მათ შორის მრავლად არის ახალგაზრდობა, ვინაიდან მისი უწმინდესობის მზრუნველობა, სიყვარული, თავმდაბლობა ეფინებოდა ყველას, განურჩევლად ასაკისა, სოციალური მდგომარეობისა თუ საქმიანობისა.

ისიც გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ორმოცი დღის განმავლობაში დაგვიდგა აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს იყო პირველი აღდგომა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარეშე. თითქოს შეიძლება ჩვენი გულები მოეცვა ადამიანურ სისუსტეს, განცდებს და დაბნეულობას; დაბნეულ სამწყსოს შეიძლება გვეფიქრა, თუ რა გვეშველება შემდგომში მის გარეშე, მაგრამ როგორც მისი გარდაცვალების დღეებში დავძლიეთ ეს სასოწარკვეთილება, განსაკუთრებით აღდგომის დღეებში, უფლის მადლით, მისი უწმინდესობის დიდი სიყვარულით, ჩვენში ეს მწუხარება და ტკივილი დაიძლია ღვთის რწმენისა და იმედის დიდი სულისკვეთებით. და დღეს, როგორც არასდროს, ისე ძალუმად გვესმის უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „მე ვარ აღდგომა და მე ვარ ცხოვრება და ვისაც მე ვრწმენე, ის, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს, ის არ მოკვდება უკუნისამდე!“ (ინ. 11, 25-26).

მაშ, ძვირფასო ძმებო და დებო, როგორც გვასწავლის წმინდა წერილი, „დღეს ღმერთი შეაშრობს ჩვენს თვალებზე ცრემლებს, რამეთუ არ არის სიკვდილი, არც გლოვა, არც ცრემლი, არც ტანჯვა“ (გამოცხ. 21, 4), რადგან „მართალთა სულნი უფალთან და მშვიდობასა შინა“ (სიბრძ. 3, 1-4) არიან, როგორც ნათქვამია წმინდა წერილში.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სული დაიმკვიდრებს „ხელთუქმნელ და მარადიულ“ (2 კორ. 5, 1) ადგილს უფლის სასუფეველში და ამიერიდან ჩვენ, ჩვენს ქვეყანას და ყოველ ჩვენგანს გვეყოლება დიდი მეოხი და ის თავისი ლოცვით შეგვეწევა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა. გზა, რომელიც დამყარებულია მართლმადიდებელი ეკლესიის სიყვარულსა და ერთგულებაზე, ღვთისადმი, სამშობლოსა და მოყვასისადმი სიყვარულზე.... და კიდევ რაზე? განსაკუთრებით რასაც გვიქადაგებდა: - მშვიდობაზე, ერთსულოვნებაზე, მიმტევებლობაზე, ლმობიერებაზე, რომლითაც მისი უწმინდესობა ასე საოცრად გამოირჩეოდა.

რა თქმა უნდა, ძნელია დღეს ჩემთვის თქვენ წინაშე საუბარი. მინდა, თქვენთან ერთად ვადიდო ღმერთი და ვმადლობდე უფალს, რომ მოგვივლინა ასეთ ურთულეს ათწლეულებში (თითქმის 50 წელი იღვაწა მისმა უწმინდესობამ) ასეთი მწყემსმთავარი!

დიდება და მადლობა უფალს! დიდება და მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მისი მფარველობისთვის, მისი წყალობისთვის!

მადლობა მის უწმინდესობას და უნეტარესობას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს თავისი დიდებული ღვაწლისთვის!ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს საქართველო. ამინ“, - განაცხადა მეუფე შიომ.