მეუფე შიო: არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება - ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ - მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის
დიდია დღეს ჩვენი მწუხარება მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება, - განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირმა) წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
მისი თქმით, პატრიარქის გარდაცვალება არ არის მხოლოდ დანაკარგი საქართველოსთვის, არამედ - მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი საქრისტიანოსთვის.
„იმდენად ვგრძნობდით ჩვენ მის მამობრივ სიყვარულს, ზრუნვას, ძალას, ღვთის ძალას, რომელიც ვლინდებოდა მის მსახურებაში, რომ ნამდვილად ვართ დაობლებულები. მაგრამ გვანუგეშებს ღვთის წყალობა და ის დიდი ღვაწლი, რომელიც მოიღვაწა მისმა უწმინდესობამ და დაგვიტოვა. მრავალი ქვეყნიდან გვწერენ სამძიმრის წერილებში და აღნიშნავენ მის მამობრივ თვისებას, რომელიც ვრცელდებოდა არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელს მსოფლიო მართლმადიდებელ საქრისტიანოზე, ამიტომ ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის“, - აღნიშნა მეუფე შიომ.