Loading data...
მასშტაბური გარემოსდაცვითი პროექტი „თბილისის ურბანული ტყე“ დასრულების ეტაპზეა

მასშტაბური გარემოსდაცვითი პროექტი „თბილისის ურბანული ტყე“ დასრულების ეტაპზეა.

პროექტი, რომელიც 2020 წელს დაიწყო, დედაქალაქში მწვანე სივრცეების გაფართოებასა და დაზიანებული ტყის აღდგენას ისახავს მიზნად. პროექტს სრულად საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში პირველივე ეტაპიდან აქტიურად იყვნენ ჩართული დარგის ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებიც ექვსი წლის განმავლობაში სამუშაოებს პროფესიულად უწევდნენ ზედამხედველობასა და შეფასებას. სწორედ მათ პროექტის დასრულების ეტაპზე ადგილზე კიდევ ერთხელ შეაჯამეს მიღწეული შედეგები და იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც „თბილისის ურბანული ტყის“ შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ტერიტორია დაათვალიერეს ნიადაგმცოდნეებმა და ფიტოსოციოლოგებმა, რომლებმაც პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დადებითად შეაფასეს.

„თბილისის ურბანული ტყე“ მთაწმინდის, ნარიყალას, სოლოლაკის, ვერის, ბაგების, წავკისისა და ოქროყანის ტყის მასივებს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში უკვე აღდგა 700 ჰექტარამდე ტერიტორია, მოეწყო და განახლდა 45 კმ-მდე საფეხმავლო და ველობილიკი, მათ შორის, 20 კმ-მდე ახალი ბილიკი, ასევე, დასასვენებელი და საპიკნიკე სივრცეები. დაირგო 700 ათასამდე ხე-მცენარე.

პროექტის მიმდინარეობისას მოიჭრა 52 000 გამხმარი ხე, მოეწყო ოთხი ჭაბურღილი, რომელიც 200 ჰექტარამდე ტერიტორიას სარწყავი სისტემით ამარაგებს. ასევე, რეკრეაციული მიზნებისთვის მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა, ძელსკამები, გადმოსახედები, მოსასვენებელი პავილიონები, თავშესაფრები და ფრინველებზე დაკვირვების ქოხი. შედეგად, ბილიკებზე მოსეირნე მოქალაქეებს ფრინველებზე დაკვირვების შესაძლებლობა აქვთ.

პროექტის მიზანია დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჰაერის ხარისხის დაცვა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და მოქალაქეებისთვის ბუნებასთან ახლოს უსაფრთხო და კომფორტული სარეკრეაციო სივრცის შექმნა.

ამ დროისთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, ხოლო ბოლო ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობა და ინფრასტრუქტურის სრულყოფა.

პროექტის დასრულების შემდეგ „თბილისის ურბანული ტყე“ დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მწვანე და რეკრეაციულ სივრცედ ჩამოყალიბდება, რომელიც ერთდროულად ეკოლოგიურ, ტურისტულ და დასასვენებელ ფუნქციას შეითავსებს.