Loading data...
მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს

დიდ შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით, ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდება. გარდამოხსნას, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნილი გარდაცვლილი უფალია გამოსახული, სასულიერო პირები მრევლთან ერთად, ტაძრების გარშემო შემოატარებენ. გარდამოხსნის შემოტარების წესს საღმრთო ლიტურგია მოჰყვება და მორწმუნეებს წმინდა ზიარების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

გარდამოხსნის შემოტარება სიმბოლურად მაცხოვრისთვის წესის აგებას და მის საფლავში დადებას განასახიერებს. სახარების მიხედვით, საფლავში დაფლულ უფალთან დილაადრიან მენელსაცხებლე დედები მივიდნენ. მათ ნელსაცხებელი მიჰქონდათ, მაგრამ საფლავზე მიდებული ლოდი გადაგორებული დახვდათ, უფლის ანგელოზმა კი მათ უთხრა, რომ უფალი აღსდგა.