მარიამ ქვრივიშვილი: სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა იქნება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების, ისევე როგორც ხალხთა შორის კავშირების გაღრმავების მიმართულებით
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანთან. შეხვედრა მარიამ ქვრივიშვილის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, სომხეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, თუმცა, ქვეყნებს შორის ამ კუთხით თანამშრომლობის შემდგომი განვითარების კიდევ დიდი პოტენციალი და რესურსი არსებობს, მათ შორის ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩემს კოლეგასთან, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრთან. ჩვენი ურთიერთობები ჩვენს მეზობელ სომხეთთან განსაკუთრებულია და, რა თქმა უნდა, დღევანდელი შეხვედრაც გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გვესაუბრა, თუ როგორ შეიძლება ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაძლიერდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.
დარწმუნებულები ვართ, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების, ისევე როგორც ხალხთა შორის კავშირების გაღრმავების მიმართულებით. უახლოეს მომავალში გვექნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რითაც ორი ქვეყნის ეკონომიკა უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას, ინვესტიციების მოზიდვას და ხალხთა შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ბიზნესწრეების დაახლოების მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ კერძო სექტორებს შორის კომუნიკაციის გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით მეტი B2B შეხვედრის, სავაჭრო მისიისა და ბიზნესფორუმის ორგანიზებას.
შეხვედრისას ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მხრიდან ხაზგასმული იქნა, რომ ბოლო წლებში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება. სომხეთი ტრადიციულად საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია - 2025 წლის მონაცემებით, სომხეთი სავაჭრო ბრუნვის მიხედვით მე-9, ექსპორტის მიმართულებით კი მე-5 პოზიციაზე იყო.
მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ახალ და ტრადიციულ საექსპორტო პროდუქტებთან დაკავშირებით.
მინისტრებს შორის შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის სექტორში, ასევე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის გააქტიურების მნიშვნელობას.
„შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაჭრობის საკითხზე - თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოდან, მათ შორის, სომხეთის მიმართულებით ქართული პროდუქციის ექსპორტი. ვისაუბრეთ ტურიზმის ინდუსტრიაში მჭიდრო თანამშრომლობაზე, ისევე როგორც სხვა მიმართულებებზე, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობს, ასევე იმყოფებიან მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და თამარ იოსელიანი. სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძემ.