მარიამ ქვრივიშვილი: Google Street View ხელს შეუწყობს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას

„Google Street View არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აქტიურად გამოიყენება საერთაშორისო მოგზაურების მხრიდან, როდესაც ისინი გეგმავენ ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყნებში. ამ პლატფორმაზე ინტეგრირებულია 85-ზე მეტი ქვეყანა საერთაშორისო მასშტაბით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა ხდება ამ პლატფორმის ნაწილი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას. შედეგად, Google map-ზე საქართველოს 360 გრადუსიანი პანორამული გამოსახულებები დაემატება.
პროექტის ფარგლებში, 2025 წლის მარტიდან 12 თვის განმავლობაში Google-ის სპეციალური გადამღები ჯგუფები საქართველოს 24 ქალაქში 360-გრადუსიან პანორამულ გამოსახულებებს გადაიღებენ.
მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს ექნებათ მეტი ინფორმაცია საქართველოს ქალაქების შესახებ.
„დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული პლატფორმა ხელს შეუწყობს ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას და ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.