მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მსხვილი ჩინური სავაჭრო ქსელის, HotMaxx-ის თანადამფუძნებელს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მსხვილი ჩინური სავაჭრო ქსელის, HotMaxx-ის თანადამფუძნებელს ჭანგ ნინგს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე განიხილეს ქართველი მწარმოებლებისთვის ჩინეთის ბაზარზე წვდომის გაფართოების, ადგილობრივ მომხმარებლებში ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდისა და ახალი სავაჭრო კავშირების ჩამოყალიბების პერსპექტივები.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა მყარ საფუძველს ქმნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. ამ მიმართულებით საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგარეო სავაჭრო ბაზრებისა და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაა, რა პროცესშიც განსაკუთრებული ყურადღება ჩინეთის ბაზარს ეთმობა. ამდენად, მნიშვნელოვანია ისეთი სავაჭრო პლატფორმებისა და ქსელების გამოყენება, რომლებიც ქართულ პროდუქციას ჩინელ მომხმარებლებთან დააკავშირებს და მის საერთაშორისო ცნობადობას გაზრდის.
შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მონაწილეობდნენ.