მაია ბუწაშვილი მუნთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე განმარტებას აკეთებს - „არ გადადის ხანმოკლე კონტაქტით, ხელის ჩამორთმევით“
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მუნთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „დაავადება, როგორც წესი, არ გადადის ხანმოკლე კონტაქტით.“
„ხშირად დასმული შეკითხვები მუნთან დაკავშირებით:
- რა არის მუნი? მუნი არის პარაზიტული დაავადება, რომელსაც იწვევს მუნის ტკიპა. ტკიპა აღწევს და მრავლდება კანში და იწვევს ძლიერ ქავილს. დაავადების სიმპტომია ასევე გამონაყარი, რომელიც ძირითადად აღინიშნება თითებს შორის, მაჯებზე, იდაყვებზე, იღლიებში, წელის არეში, მკერდზე, სასქესო ორგანოების მიდამოში; ჩვილ ბავშვებში ასევე გვხვდება ხელის და ფეხისგულებზე და თავზე.
2. როგორ გადაეცემა მუნი?
მუნი გადადის ადამიანიდან ადამიანზე ინფიცირებულის კანთან მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტით. ამიტომ პარაზიტი ძირითადად გადადის ოჯახის წევრებზე და სქესობრივ პარტნიორებზე. ასევე გადაეცემა ტანსაცმლით, პირსახოცით, თეთრეულით, რბილი სათამაშოებით.
დაავადება, როგორც წესი, არ გადადის ხანმოკლე კონტაქტით, მაგალითად, ხელის ჩამორთმევით და ჩახუტებით. პარაზიტის გადაცემა ძალიან იშვიათია მყარ ზედაპირებთან შეხებით. შესაბამისად, მაგალითად, ავეჯის ზედაპირებთან შეხება არ წარმოადგენს ინფიცირების რისკფაქტორს.
3. რამდენ ხანს ძლებს ტკიპა ადამიანის ორგანიზმის გარეთ?
ტკიპა ადვილად იღუპება გარემოში ადამიანის ორგანიზმის გარეთ. ძლებს საშუალოდ 24-36 საათს (იშვიათად 72 საათამდე), ძირითადად მაღალი რისკის საგნებზე (ტანსაცმელი, თეთრეული, პირსახოცი, რბილი სათამაშოები).
4. ინფიცირებიდან რამდენ ხანში ვლინდება სიმპტომები?
სიმპტომების გამოვლენა ხდება ინფიცირების მომენტიდან 4-8 კვირის განმავლობაში. თუმცა ადამიანი შეიძლება გადამდები იყოს სიმპტომების გამოვლენამდეც.
5. საჭიროა თუ არა მუნის გამოვლენის შემთხვევაში შენობების, მათ შორის სკოლის და საბავშვო ბაღის დეზინფექცია?
რადგან მყარი ზედაპირებით გადაცემა უკიდურესად იშვიათია, ავეჯის ჩვეულებრივი გაწმენდა საკმარისია. მნიშვნელოვანია ისეთი საგნების დამუშავება, სადაც ტკიპა ინარჩუმებს სიცოცხლისუნარიანობას. ტანსაცმელი/თეთრეული/პირსახოცები მაღალ ტემპერატურაზე უნდა გაირეცხოს (50 გრადუსზე მეტი) ან დაილუქოს ცელოფნის პარკში 72 საათის განმავლობაში (ისეთი საგნები, რომელთა გარეცხვა არ არის შესაძლებელი, მაგალითად, ზოგიერთი რბილი სათამაშო).
6. როგორ ხდება მუნის მკურნალობა?
მუნის მკურნალობა უმრავლეს შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი მალამოს გამოყენებით (მაგალითად, პერმეტრინი), რომლის წასმა მთელ ტანზე ხდება და უნდა დავტოვოთ 8-14 საათის განმავლობაში დაბანამდე. შემდეგ მეორე დოზის გამოყენება ხდება 1 კვირაში. იშვიათად, გართულებულ შემთხვევებში, შეიძლება საჭირო გახდეს პერორალური (დასალევი) მედიკამენტის მიღება.
7. უნდა ვუმკურნალოთ თუ არა უსიმპტომო კონტაქტებს?
ოჯახის წევრებს და სქესობრივ კონტაქტებს უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა.რაც შეეხება ბაღის კონტაქტებს, იმ ბავშვებს, რომლებიც შესაძლოა იყენებდნენ საერთო საწოლს და რბილ სათამაშოებს, უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა ან მშობლები და მასწავლებელი ყურადღებით დააკვირდნენ სიმპტომებს (ქავილს) ბოლო კონტაქტიდან 8 კვირამდე.
8. გადაეცემა თუ არა მუნი ცხოველებისგან?
მუნი გადაეცემა მხოლოდ ადამიანისგან. ცხოველები (მათ შორის ქუჩის ძაღლები და კატები) მუნის გადამტანები არ არიან“, - წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.