Loading data...
ლევან უჯმაჯურიძე ევროკავშირის მრჩეველს, ნუტრიციოლოგ ბრიჯიტ ფენს შეხვდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, Capacity 4 Nutrition (C4N) ინიციატივის ფარგლებში, ევროკავშირის მრჩეველი, ნუტრიციოლოგი ბრიჯიტ ფენი ეწვია. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, C4N ინიციატივა ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური მთავრობის (BMZ) ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება და მიზნად პარტნიორ ქვეყნებში კვებითი მიმართულებით ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს.

ვიზიტის ფარგლებში, ბრიჯიტ ფენს ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე შეხვდა.

„შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ფაქტიური კვების და ნუტრიციული კვლევების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ტექნიკური მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა ფაქტიური კვების ეროვნულ დონეზე განხორციელების მნიშვნელობაზე ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის, სურსათის უვნებლობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მდგრადი განვითარების საქმეში.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.