ლევან მოსეშვილი: საქართველოს აეროპორტებიდან სატვირთო და საფოსტო გადაზიდვები 29%-ით გაიზარდა
„საქართველოს აეროპორტებიდან არა მხოლოდ სამგზავრო, არამედ სატვირთო გადაზიდვებიც ყოველწლიურად იზრდება“, - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.
მისი ინფორმაციით, 2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს აეროპორტებიდან 21 500 ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-იან ზრდას წარმოადგენს.
„სატვირთო გადაზიდვებიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა აძლევს იმის საშუალებას, რომ იყოს დამაკავშირებელი ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის“, - განაცხადა მოსეშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის მიმართულებით მოძრავი ტვირთების ნაწილმა, მათ შორის აზიის ქვეყნებიდან, საქართველოზე გაიაროს, მოხდეს მათი ჩამოტანა, დახარისხება და შემდეგ დისტრიბუცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ავიაციის სექტორის გაძლიერებისა და განვითარებისთვის, ასევე ქვეყნის სტატუსის, როგორც რეგიონული ჰაბის ჩამოყალიბებისა და გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა მოსეშვილმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, რათა სამგზავრო გადაზიდვების პარალელურად სატვირთო გადაზიდვებიც გაიზარდოს და განვითარდეს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა და ბაზარზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება, მათ შორის სატვირთო ტერმინალებისა და თანამედროვე სისტემების განვითარება, რაც ტვირთების უფრო ხარისხიან, სწრაფ, მარტივ და ეფექტიან დამუშავებას უზრუნველყოფს.
„ვმუშაობთ სხვადასხვა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომ სატვირთო გადაზიდვებიც გაიზარდოს ფეხდაფეხ, როგორც სამგზავრო გადაზიდვები, განვითარდეს თანამედროვე ინფრასტრუქტურა, შეიქმნას ბაზარზე არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შესაბამისი პირობები, როგორიც არის სატვირთო ტერმინალები, თანამედროვე სისტემები, რომ ტვირთის დამუშავებაც მოხდეს უფრო ხარისხიანად, უფრო სწრაფად, მარტივად და ეფექტიანად მიეწოდოს მოთხოვნის წერტილს“, - განაცხადა მოსეშვილმა.