ლევან მოსეშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხორციელდება მსგავსი მასშტაბის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. დასრულდა ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები, მიმდინარეობს მიწის საექსკავაციო პროცესი, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობის სამუშაოები 3000 მეტრის ტერიტორიაზეა გაშლილი, სადაც ამ ეტაპზე, ფუნდამენტის მოწყობა და ინერტული მასალების შეტანა მიმდინარეობს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, პარალელურ რეჟიმში 35000 კვ/მ-ზე მიმდინარეობს თვითმფრინავების სადგომი ბაქნის მშენებლობის სამუშაოები, რომლის სრული კვადრატულობა 55 000 კვ/მ-ს შეადგენს, ასევე მიმდინარეობს, დაახლოებით, 17 კმ საერთო ფართზე ახალი საინჟინრო-საირიგაციო ნაგებობების მოწყობა.
„ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მიმდინარეობს ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა. აღნიშნული მასშტაბის პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველია. პროექტის ჯამური ღირებულება 240 მლნ ლარს შეადგენს. ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მივიღოთ და მოვემსახუროთ მსოფლიოში ყველაზე დიდგაბარიტიან საჰაერო ხომალდებს“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
პროექტს სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ახორციელებს, რისი დასრულების შემდეგაც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება F კოდური აღნიშვნის პირველი აეროდრომი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის (F კატეგორიის) საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.
ახალი, 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია, რომელზეც მუშაობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საავიაციო საკონსულტაციო კომპანია IATA კონსალტინგმა დაასრულა.