ლევან მოსეშვილი: 2025 წლის პირველი ოთხი თვე საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიულად რეკორდული იყო

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები იანვარ-აპრილში ისტორიულად ყველაზე მეტ მგზავრს მოემსახურა.
აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, 2025 წლის ოთხ თვეში ისტორიული მაქსიმუმი - 2,182,811 მგზავრი და 9,908 რეისი დაფიქსირდა. ლევან მოსეშვილის განცხადებით, მგზავრთნაკადის კუთხით, 2025 წლის იანვარ-აპრილი, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან რეკორდული იყო.
„2025 წლის პირველი ოთხი თვე საქართველოს აეროპორტებისთვის რეკორდული იყო. ჩვენ შევძელით და იანვარ-აპრილის პერიოდში, ჯამურად ყველა საერთაშორისო აეროპორტში 2 მილიონზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ, რაც წინა წელთან შედარებით 13%-იან ზრდას წარმოადგენს. მგზავრთნაკადის ზრდის ფონზე მინდა გამოვყო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც აპრილის თვეში მგზავრთნაკადის 49%-იანი ზრდა გვაქვს, რაც ნამდვილად ისტორიული რეკორდია შარშანდელ აპრილთან შედარებით“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოს ავიაბაზარზე წელს 4 ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა, მათ შორის, წამყვანი ბრიტანული კომპანიები.
„ზაფხულის სეზონზე ველოდებით, რომ ოპერირებას კიდევ ერთი ევროპული კომპანია, Air Serbia დაიწყებს. ასევე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.