ლევან მეხუზლა: ვენახების გაშენება უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც საშუალებას იძლევა, მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი და, შესაბამისად, ღვინო
ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა და მეღვინეობის დარგის განვითარების მიზნით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
სხდომას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგუჩია უძღვებოდა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან უკანასკნელ წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერამ მეღვინეობის ინდუსტრია მნიშვნელოვნად გააძლიერა.
„აღნიშნული წარმატების ფონზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა, კერძოდ, ღვინის გლობალურ ბაზარზე მოხმარების კლების ტენდენციამ დარგი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რასაც თან დაერთო საქართველოში ვენახების სპონტანური გაშენება და საჰექტარო მოსავლიანობის ხელოვნურად გაზრდა სხვადასხვა პრეპარატებით. ზემოთ აღნიშნული მოცემულობის შედეგად, ქვეყანაში წარმოიშვა ყურძნის ჭარბი მოსავალი“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
დარგში შექმნილმა რეალობამ დღის წესრიგში დააყენა მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების აუცილებლობა, რაც, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება ვენახების გაშენების რეგულაციების შემოღებას და ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას.
რეფორმის მნიშვნელოვანია ასპექტია „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონის“ ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს მომავალი წლიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.
„ვენახების გაშენების დროს ყურადღება უნდა მიექცეს ვაზის ნერგების ხარისხს, გაშენების ექსპოზიციას, ნიადაგს, ჯიშებს. ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც საშუალებას იძლევა, მივიღოთ ხარისხიანი ყურძნის მოსავალი და ღვინო. თუ ამ ყველაფერს მეწარმე გაითვალისწინებს, მას არ შეექმნება გაშენების თანხმობის მიღებაში დაბრკოლება. მეღვინეობის დარგის სტაბილურად განვითარებისთვის ღვინის ხარისხზე ზრუნვა ვენახიდან უნდა დაიწყოს. იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო გლობალურ ბაზარზე იკლო ღვინის მოხმარებამ და ბაზარზე მაღალი
კონკურენციაა, ეს არის ერთადერთი გზა, რომ უმაღლესი ხარისხის პროდუქტის წარმოება მოხდეს და არ შეფერხდეს დარგის განვითარების ბოლო წლების ტენდენცია“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.
მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადაიდგა 2025 წელს, როდესაც რთველის დროს ყურძნის ფასი განსხვავებული იყო. ხარისხის მიხედვით ფასთა სხვაობა მომავალ წელს შენარჩუნდება და კიდევ უფრო გამკაცრდება.
„ყურძენი, რომლითაც ღვინო მზადდება, უნდა იყოს უკომპრომისოდ მაღალი ხარისხის. 2026 წლის რთველის დროს იქნება ყურძნის 3 განსხვავებული ფასი: 17%-ზე დაბალი შაქრიანობის ყურძენი გათანაბრდება ჰიბრიდებთან (ვაზისა და ღვინის შესახებ კანონით აკრძალული ვაზის ჯიშები) და ექნება დაბალი ფასი. თეთრი ყურძნის შემთხვევაში 17-
21% და წითელი ყურძნის შემთხვევაში 17-23% შაქრიანობის ყურძნის ფასი იქნება 1 ლარზე ნაკლები. ყურძენი საღვინედ შეფასდება - თეთრი ყურძნის შემთხვევაში 21%-ზე და წითელი ყურძნის შემთხვევაში 23%-ზე მეტი შაქრიანობის/კონდიციურობის ყურძენი“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.