Loading data...
ლევან ღირსიაშვილი ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ქართველ და აზერბაიჯანელ მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ფარჰად ჰაჯიევთან ერთად, ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

ლევან ღირსიაშვილმა ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ბანაკი მჭიდრო საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავების, კულტურული დიალოგის ხელშეწყობისა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების საუკეთესო პლატფორმას წარმოადგენს.

თავის მხრივ, ფარჰად ჰაჯიევმა ლევან ღირსიაშვილს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანელი სტუდენტების მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში კიდევ არაერთ ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტს ჩაეყრება საფუძველი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

4-7 აგვისტოს, ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ქართველ ახალგაზრდებთან ერთად, 50-მდე აზერბაიჯანელი ახალგაზრდა მონაწილეობს. სტუდენტებისთვის ექსკურსიები, სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და კულტურული აქტივობა იმართება.

აღსანიშნავია, რომ ივლისში ქართველი ახალგაზრდები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამ ლოკაციაზე – გუბაში, ბაქოსა და სუმგაითში გამართულ ბანაკებს სტუმრობდნენ.

ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი იაკინთე ჩხარტიშვილი, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი რამილ ჯაბაროვი და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ქამალ ხალილოვი.

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებული ანაკლიის ბანაკი 2025 წელს 3000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. თითო ნაკადზე ბანაკი მასპინძლობს 18-25 წლის 240 სტუდენტს.