Loading data...
ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო

2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ გადაცემაში „იმედის კვირა“.

მისივე თქმით, მაშინ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო სპეციალური რეისის განხორციელება, ისeვე როგორც ახლა, საჰაერო სივრცე კი გაიხსნა, მაგრამ ჩარტერული რეისის განხორციელება ვეღარ მოესწრო.

„ხალხის გარეშე ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ისევ მთავრობის გადაწყვეტილებით, სამთავრობო რეისი განხორციელდა, რომლის საშუალებითაც საქართველოში ჩამოვიდა ცეცხლი.

1996 წელს, როდესაც წმინდა ცეცხლი საქართველოში პირველად უნდა ჩამოგვეტანა, იერუსალიმის საპატრიარქოს გენერალური მდივანი, მიტროპოლიტი ტიმოთე წერილში ხსნიდა, რომ საქართველოში ეს ცეცხლი პირველად მიაქვთ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი რთულ გარემოში მყოფი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომ ეს ცეცხლი ჩავიდეს საქართველოში და გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყროთო.

სამი კანდელით მოგვქონდა სამ ადამიანს, რომ შემდეგ გზაში არ მომხდარიყო რამე და ჩამოგვეტანა ცეცხლი უვნებლად და მაშინ იერუსალიმის საპატრიარქოს ჩართულობით დაგვეხმარა ისრაელის უსაფრთხოების სამსახურიც და საბაჟოც. ყველგან, სადაც მივდიოდით გვქონდა გზა ხსნილი იმისთვის, რომ ბორტზე ასულიყო ცეცხლი“, - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.