Loading data...
ლაშა დოლიძემ ჯიღაურას გენეტიკური რესურსების ეროვნულ ბაზაზე პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და ახალგაზრდა პარლამენტის წევრებს უმასპინძლა

ლაშა დოლიძე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა დოლიძემ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკოლექციო-სადემონსტრაციო ბაზაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარეს გელა სამხარეულს, კომიტეტის წევრებსა და საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტსა და აპარატის სტაჟიორებს უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში ლაშა დოლიძემ, სტუმრებთან ერთად დაათვალიერა გენეტიკური რესურსების ეროვნული ბაზა, მრავალწლოვანი კულტურების უნიკალური კოლექციები და ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე.

მონაწილეებმა მოისმინეს ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, მისი კულტურული და ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია, გაეცნენ დარგის განვითარების ძირითად ეტაპებსა და ტრადიციებს. სტუმრებმა, ასევე, მიიღეს ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებული მიმდინარე პროექტებისა და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

ჯიღაურას ბაზა საქართველოს აგრარული და სამეცნიერო განვითარების უმნიშვნელოვანესი საყრდენია, სადაც თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის უნიკალური გენეტიკური რესურსები და ბიომრავალფეროვნება. 2007 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩართულობითა და ინიციატივით დაიწყო ამ ბაზის შექმნა, რომელმაც დღეს ეროვნული მნიშვნელობის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრის სახე მიიღო.

„ბაზის განვითარების ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკური ბანკის მშენებლობას, რომელიც უზრუნველყოფს უნიკალური გენეტიკური რესურსების დაცვას, შენარჩუნებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემას. მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს გაეცნონ აგრარული სექტორის მიღწევებს, გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებს. ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა და ცოდნის გაღრმავება ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, – განაცხადა ლაშა დოლიძემ.

ჯიღაურაში ვიზიტისას პარლამენტის აპარატის სტაჟიორები და ახალგაზრდა პარლამენტის წევრები სოფლის მეურნეობის საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომასაც დაესწრნენ, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ პარლამენტის საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებს, დარგობრივი პოლიტიკის ფორმირების პროცესსა და გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებს.

ღონისძიების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ახალგაზრდებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, განხორციელებული პროექტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.