ლაშა დოლიძემ აგროკონფერენცია „AGRIFUTURE GEORGIA 2026“ გახსნა
ყოველწლიური აგროკონფერენცია „AGRIFUTURE GEORGIA 2026“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება ქართულ აგროსექტორში საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავების, ინვესტიციების მოზიდვის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდის საკითხებზე გაამახვილა და ხაზი გაუსვა მსგავსი ფორუმების მნიშვნელობას დარგის განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის პროცესში.
„AGRIFUTURE GEORGIA“ წლების განმავლობაში ვითარდება და დღეს უკვე ასობით ბიზნესმენს, ორგანიზაციასა და უცხოელ პარტნიორს აერთიანებს. მსგავსი ფორუმები ხელს უწყობს ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების, ინვესტიციებისა და ცოდნის მოზიდვას, რაც აგროსექტორის განვითარებას აჩქარებს. სახელმწიფო მიესალმება და მხარს უჭერს ასეთ ინიციატივებს. ჩვენც ვცდილობთ, ხელთ არსებული სხვადასხვა ინსტრუმენტით ხელი შევუწყოთ სექტორის განვითარებას და ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ.
„აგროკონფერენცია საქართველოში უკვე მესამე წელია ტარდება. წლევანდელ ღონისძიებაში ათი ქვეყნის 17 საერთაშორისო კომპანია, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები, ფერმერები და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ ინვესტორებიც, რომლებსაც სოფლის მეურნეობაში ინვესტირების ინტერესი აქვთ. ჩვენი სურვილია, „AGRIFUTURE GEORGIA“ მომავალში რეგიონულ აგრარულ ჰაბად ჩამოყალიბდეს და კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს“, - განაცხადა NIADAGI Group-ის დამფუძნებელმა ნიკოლოზ დიდებაშვილმა.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „გასაღების ბაზრები და ინოვაციები სოფლის მეურნეობაში“, რომელშიც წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების (RK Growers, Vivent Biosignals, Schrijnwerkers Plants B.V., NIADAGI Group) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში მოწყობილ საგამოფენო სივრცეში ადგილობრივ ფერმერებსა და აგრომეწარმეებს მსხვილ მწარმოებლებთან შეხვედრის, ახალი ტექნოლოგიებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების გაცნობის საშუალება მიეცათ.
NIADAGI Group-ის ორგანიზებით გამართული ღონისძიების მონაწილეებს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანმა აგრარული სექტორის სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმები და მდგრადი აგრობიზნესის დაფინანსების შესაძლებლობები გააცნო.