ლაშა აბაშიძე: საქართველოს რკინიგზაში სრული განახლება მიმდინარეობს, წინსვლა და გაუმჯობესება გვაქვს ყველა მიმართულებით
„კომპანიაში განახლების პროცესი მიმდინარეობს, როგორც სამგზავრო ისე სატვირთო მიმართულებით. უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები“,- ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ გადაცემაში „იმედის კვირა“-ში განაცხადა.
მისი თქმით, სამგზავრო მიმართულებით ინფრასტრუქტურის განახლება უახლოეს პერიოდში დასრულდება. მალე ამოქმედდება თბილისი-ახალციხის რეისი. ასევე მიმდინარეობს ხუთი მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება.
ლაშა აბაშიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში ყველა რეისი თანამედროვე მატარებლებით შესრულდება.
„გვეყოლება აბსოლუტურად ახალი, თანამედროვე ელმავლები. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატვირთო გადაზიდვების მიმართულებას, რაც რკინიგზას და სატვირთო გადაზიდვებს უფრო სწრაფსა და ეფექტურს გახდის. ამასთანავე კომპანიას გაეზრდება შემოსავალი, რომლითაც ახალი პროექტები დაფინანსდება“, - აცხადებს ლაშა აბაშიძე.
საქართველოს რკინიგზამ 45 ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლის შესყიდვის მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.