ლალი ტურძელაძე: თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა იყო სტაბილური, ბევრად გაუმჯობესებული ჰქონდა პარამეტრები, თურქეთში გადაყვანა ოჯახის სურვილი იყო

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თურქეთში სამკურნალოდ გადაყვანა ოჯახის სურვილით მოხდა.
მისი თქმით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო.
„ოჯახის მოთხოვნით, წუხელ, ღამის 02:00 საათზე თორნიკე რიჟვაძე გადაყვანილ იქნა სტამბოლის საავადმყოფოში, საჰაერო გზით. აბსოლუტურად მათი თხოვნა იყო. მანამდეც იყო საუბარი ამ თემაზე. გუშინ ამის შესახებ არ გვითქვამს, რადგან ჩამოყალიბებული არ იყვნენ. გვიან ღამით მიიღეს გადაწყვეტილება, თავად გამოიძახეს რეანიმობილი, თვითმფრინავი იქიდან ჩამოფრინდა და თორნიკე რიჟვაძე გადაიყვანეს.
მდგომარეობა იყო აბსოლუტურად სტაბილური. კონტაქტში შემოდიოდა შეღვიძებისას, გაუმჯობესებული ჰქონდა პარამეტრები, თუმცა მართვით სუნთქვაზე დავტოვეთ, რადგან გადაყვანა უნდოდათ და საჰაერო ფრენის დროს მოხსნა არ შეიძლება. რა თქმა უნდა, მძიმე პაციენტია, აპარატულ სუნთქვაზეა, მაგრამ გაუმჯობესებული იყო პარამეტრები, იყო აბსოლუტურად კონტაქტური. ოჯახის მოთხოვნით მოხდა გადაყვანა.
გუშინ არც ლევან რატიანმა და არც ბატონმა პრემიერმა არ თქვეს, რადგან ჩამოყალიბებული არ იყო ოჯახი. მოგვიანებით ჩამოყალიბდნენ. სტაბილურად იყო, სხვანაირად არ წაიყვანდნენ, რადგან უნდა ეფრინა.
აბსოლუტურად სტაბილური პარამეტრები ჰქონდა, ბევრად გაუმჯობესებული პარამეტრებით წაიყვანეს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, შევეწინააღმდეგოთ ოჯახს. ოჯახს როგორც სურს, ისე უნდა უმკურნალონ, ეს მათი უფლებაა“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.