ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ტოკაის (იაპონია) უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა იწყება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დელეგაცია იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის ტოკაის უნივერსიტეტთან სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტი მიზნად ისახავს უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების, ასევე ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებასა და ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივების გაძლიერებას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და ადრონული თერაპიის ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ტოკაის უნივერსიტეტის აკადემიურმა ვიცე-რექტორმა (პროვოსტი), პროფესორმა იოშიტაკა კაჯიტამ.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა, რომელმაც მხარეებს მიულოცა მიღწეული შეთანხმება და წარმატება უსურვა დასახული მიზნის მიღწევაში.
აღნიშნული მემორანდუმი ახალ შესაძლებლობებს შექმნის როგორც სტუდენტებისთვის, ისე მკვლევრებისთვის, ხელს შეუწყობს საერთაშორისო აკადემიურ ინტეგრაციას და გააღრმავებს კულტურულ კავშირებს საქართველოსა და იაპონიას შორის. ამასთან, მომავალი თანამშრომლობა განამტკიცებს KIU-ს სტრატეგიულ მიზნებს და ხელს შეუწყობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გლობალურ საგანმანათლებლო ქსელში პოზიციონირებას.
აღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივ კვლევით პროექტებს ხელოვნური ინტელექტის, კომპიუტერული მეცნიერებების, ინჟინერიის, მედიცინის, ონკოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ინოვაციების მიმართულებით; დაიგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები, კონფერენციები, სემინარები და სიმპოზიუმები, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას.
ვიზიტის ფარგლებში KIU-ს დელეგაცია შეხვედრებს მართავს იაპონიის წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილება სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.
ტოკაის უნივერსიტეტი (Tokai University) იაპონიის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე აღიარებული კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტია, რომლის ისტორია 1942 წლიდან იწყება. უნივერსიტეტი აერთიანებს მრავალფეროვან ფაკულტეტებსა და კვლევით ცენტრებს, რომლებიც მეცნიერების, ინჟინერიის, მედიცინის, ეკონომიკისა და ჰუმანიტარული მიმართულებების ფართო სპექტრს მოიცავს.
ტოკაის უნივერსიტეტი გამოირჩევა ძლიერი კვლევითი ინფრასტრუქტურით, ინოვაციური აკადემიური მიდგომებითა და საერთაშორისო პარტნიორობებით. ამჟამად უნივერსიტეტში სწავლობს 30 ათასი სტუდენტი იაპონიისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც მას მნიშვნელოვან როლს ანიჭებს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.