ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი იაპონიაში გრძელდება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დელეგაციის წარმატებული სამუშაო ვიზიტი იაპონიაში გრძელდება. KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი პაატა ტურავა, ქუთაისის საუნივერსიტეტო
ქალაქისა და ადრონული თერაპიის ცენტრის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და KIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ფიფია ტოკაის (იაპონია) უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას ესტუმრნენ. ვიზიტისას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები გაეცნენ ტოკაის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიისა და ამბულატორიული ქიმიოთერაპიის ცენტრების საქმიანობას, ასევე, ონკოლოგიური
დაავადებების მკურნალობის მიმართულებით კლინიკაში დანერგილ თანამედროვე მიდგომებს.
KIU-ს დელეგაცია შეხვდა ტოკაის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის აკადემიურ ხელმძღვანელობას, მათ შორის: დეკანს, პროფესორ კენჯი ოკამს, აღმასრულებელ დირექტორს, პროფესორ მასაჰიკო ვატანაბეს და სხვა წამყვან
პროფესორებს. ტოკაის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში გამართულ სამუშაო შეხვედრებში დისტანციურად მონაწილეობდა KIU-ს მედიცინის სკოლის ხელმძღვანელი ირაკლი შენგელია.
მხარეებმა განიხილეს ონკოლოგიის სპეციალისტების პროფესიული განვითარების პროგრამები და გენომური ინფორმაციის გამოყენება, პერსონალიზებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კუთხით. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია კლინიკური უნარების ცენტრმა, სადაც წარმოდგენილია კიოტო კაგაკუს სიმულატორები და სტანდარტიზებული შეფასების მეთოდები.
ვიზიტის შედეგად, გამოიკვეთა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრის მიმართულებით, რომელიც KIU–ში დაპროექტების ეტაპზეა. აღნიშნული ცენტრი წარმოადგენს თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობას პროტონული თერაპიის, ბირთვული მედიცინისა და კლინიკური კვლევების სფეროებში.
ტოკაის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა იაპონიის აღიარებული აკადემიური კლინიკური დაწესებულებაა, რომელიც აერთიანებს სამედიცინო განათლებას, მოწინავე კლინიკურ პრაქტიკასა და სამეცნიერო კვლევას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: რადიაციული ონკოლოგია, გენომური მედიცინა, ნეიროქირურგია და სიმულაციაზე დაფუძნებული განათლება.
აღსანიშნავია, რომ KIU-ს დელეგაციის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქსა და ტოკაის (იაპონია) უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მისი მიზანია უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით პარტნიორული ურთიერთობების განვითარება, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების, ასევე, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება და ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივების გაძლიერება.