ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნესლაუნჯის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების კუთხით, მაღალ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე სერვისებზე ორიენტირებული მომსახურების დანერგვას განაგრძობს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხორციელდება VISA ბიზნესლაუნჯია. ამჟამად მიმდინარეობს ორსართულიანი ბიზნესლაუნჯის მოწყობა, რომლის სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება, ოპერირებისთვის საჭირო ყველა ინვენტარით აღიჭურვება და დეკემბრიდან აეროპორტში ფუნქციონირებას სრულიად ახალი სერვისი - ბიზნესლაუნჯი დაიწყებს.
თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში შესრულებული ბიზნესლაუნჯი გაფრენის დარბაზში (სარეჟიმო ტერიტორია) პირველ და მეორე სართულზე მდებარე 270 კვ. მეტრ სივრცეში განთავსდება და ერთდროულად 70 ადამიანის მომსახურებაზე იქნება გათვლილი.
5 წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბიზნესლაუნჯი გაფორმებული იქნება VISA-ს ბრენდის ფერებითა და კონცეფციით. ბიზნესლაუნჯის მართვას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თავად განახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა აეროპორტს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს, რაც საშუალებას მისცემს მოიზიდოს სრული სერვისის მქონე ავიაკომპანიები, ამავდროულად დააკმაყოფილოს განსხვავებული ხასიათისა და მოთხოვნის მქონე მგზავრების სურვილებიც.