ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ლაშა ლეჟავა უხელმძღვანელებს
ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს. ლაშა ლეჟავა კლინიკის თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგიონული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ პროცესში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეგიონებში სამედიცინო დაწესებულებების განვითარებას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და პროფესიული გუნდის გაძლიერებას, რათა პაციენტებმა საჭირო, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება საკუთარ რეგიონში მიიღონ.
ლაშა ლეჟავას სამედიცინო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოსა და უკრაინის სამედიცინო დაწესებულებებში. ხელმძღვანელობდა სამედიცინო ცენტრ „დიომედი+“-სა და „დიომედი აფხაზეთს“, მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანებასა და საქართველოს კლინიკების ფოთის რეფერალურ ჰოსპიტალს. მიღებული აქვს სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კლინიკური ორდინატურა უკრაინაში აქვს გავლილი. არის სერტიფიცირებული კლინიკური მენეჯერი.
კლინიკის ახალი დირექტორის განცხადებით, მისი მთავარი პრიორიტეტი სამედიცინო მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება, პაციენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნა და კლინიკის განვითარებაა.