Loading data...
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საქართველოს სალოტბარო სკოლების ფესტივალი გალა-კონცერტით დაიხურა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საქართველოს სალოტბარო სკოლების ფესტივალი გალა-კონცერტით დაიხურა. საღამო ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85-ე წლისთავს მიეძღვნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. 

ღონისძიებაში სხვადასხვა რეგიონის 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე მონაწილეობდა. შესრულდა საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი ქართული მრავალხმიანობის, ტრადიციული გალობის, ქორეოგრაფიისა და ზეპირსიტყვიერების უნიკალური ნიმუშები.

საღამოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე უძღვებოდა.

გალა-კონცერტს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.

„ეს გალა-კონცერტი ადასტურებს იმას, რომ ანზორ ერქომაიშვილის მიერ დაწყებულ საქმეს ჩვენი ფოლკლორისტების დიდი გუნდი, გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით, მაღალი პროფესიონალიზმითა და სიყვარულით აგრძელებს. ფოლკლორი და, განსაკუთრებით, სასიმღერო ფოლკლორი ჩვენს კულტურას იმ უნიკალურობას სძენს, რითაც მთელ მსოფლიოში გამოვირჩევით.

ვულოცავ ყველა ბავშვს, რომელიც დღეს სცენაზე იდგა. მადლობას ვუხდი მათ მშობლებს, რადგან თავიანთი შვილებისთვის ფოლკლორის შესწავლა გადაწყვიტეს და ამით მომავალ თაობაში ეროვნული იდენტობის ძლიერ საძირკველს ქმნიან“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.