Loading data...
კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, სამუშაო ვიზიტით ლევილის მამულს ეწვია

კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე, ლევილის პროექტის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების გაცნობის მიზნით, სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლევილის მამულს ეწვია. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. 

მინისტრის პირველი მოადგილე, ლევილის მერთან - ერიკ ბრევთან და საფრანგეთში საქართველოს დესპანთან - ეკა კოკასიასთან ერთად, ქართული ოდა სახლის მონტაჟის პროცესს გაეცნო.

სამუშაო შეხვედრაზე ლევილის მერმა ამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მუდმივი მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

მაკა გურგენიძემ ხაზი გაუსვა ლევილის მამულის მნიშვნელობას ქართულ-ფრანგული კულტურული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით და აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ლევილის მამული ორმხრივი პროექტების განხორციელებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები შედგა პროექტში ამ ეტაპზე ჩართულ ყველა კომპანიასთან, მათ შორის, ახალ კონტრაქტორებთან. მინისტრის მოადგილე დეტალურად გაეცნო დაგეგმილ პროექტებსა და კომპანიების გეგმებს. კომპანიებმა პროექტის დადგენილ ვადებში სრულყოფილად დასრულების მზადყოფნა გამოხატეს.