Loading data...
კულტურის მინისტრი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ საკითხებს ადგილზე გაეცნო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ საკითხებს ადგილზე გაეცნო.

„ფოთის თეატრი დღეს საკუთარი შენობის გარეშეა დარჩენილი. ამ ეტაპზე იგი უსასყიდლოდ სარგებლობს ფოთის კულტურის სახლის შენობით, რომელიც თავადაც სრულად საჭიროებს რეაბილიტაციას. შედეგად, თეატრს არ აქვს სათანადო პირობები სრულფასოვანი შემოქმედებითი საქმიანობისთვის, რაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და დროულ გადაწყვეტას საჭიროებს. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი თეატრია და იმსახურებს უსაფრთხო, თანამედროვე, მისი ისტორიული მნიშვნელობის შესაბამის გარემოს. ჩვენი ამოცანაა დროულად გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რათა თეატრმა ღირსეულ პირობებში შეძლოს უწყვეტი და სრულფასოვანი საქმიანობის გაგრძელება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

არსებული გამოწვევების მიუხედავად, ფოთის თეატრი შემოქმედებით საქმიანობას არ წყვეტს და მაყურებელს სპექტაკლებს ოზურგეთის, სენაკის, ბათუმისა და თბილისის თეატრებში წარუდგენს.

მინისტრთან ერთად ფოთის თეატრში იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში დავით ვერავა, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა, საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი ხახუბია და გენრიეტა წიწავა, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ჩირგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.