Loading data...
კობა კობალაძე ტყიბულის მერს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ტყიბულში, მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კუბლაშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იმ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე, რომელთაც სამსახური, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხარდაჭერით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად ახორციელებს.

საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალი, საგანმანათლებლო პროგრამის, „სამხედრო საათის“ დანერგვის შესაძლებლობას, რომლის ფარგლებშიც, ომის ვეტერანები, ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ (რომლის დამფუძნებელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და საქართველოს გენერალთა კლუბი გახლავთ) კვალიფიციური ინსტრუქტორები, თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გადასცემენ მომავალ თაობას.

როგორც კობა კობალაძემ აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით, უკვე არაერთ საჯარო სკოლაში ტარდება სამხედრო გაკვეთილები, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და მომავალ თაობებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ასევე, ექსტრემალურ სიტუაციებში, თვითგადარჩენის უნარების გაღრმავებას უწყობს ხელს.

დავით კუბლაშვილმა კობა კობალაძეს მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ ხელს შეუწყობს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთობის გაღრმავებას.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გელა ცინაძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, იზოლდა ნემსაძე და ტყიბულის მერის პირველი მოადგილე, ლევან ჩხიკვაძე.