კახა ლაბუჩიძე: მოსახლეობის მხრიდან არჩევნებზე უპრეცედენტო მხარდაჭერა, არის იმ შრომისა და პასუხისმგებლობის აღიარება, რომელიც წლების განმავლობაში მოახმარა მერმა თბილისს
დედაქალაქის საკრებულოში, სადაც მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, თბილისის მერი კახა კალაძე სიტყვით გამოვიდა და ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების წარდგენამდე გასული წლის საქმიანობის ანგარიში შეაჯამა. კახა კალაძის მიერ გაწეული საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადება თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა.
როგორც კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, გასული წელი მოსახლეობის მხრიდან იმ უპრეცედენტო მხარდაჭერით იყო გამორჩეული, რომელიც ამომრჩეველმა დედაქალაქის მერისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მიმართ დააფიქსირა. მისივე თქმით, ეს ნდობა ქალაქის მცხოვრებთა მხრიდან არის იმ შრომისა და პასუხისმგებლობის აღიარება, რომელიც წლების განმავლობაში მოახმარა მერმა თბილისს.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ის საახალწლო გარემო, რომელიც წელს დედაქალაქში შეიქმნა. განათებებითა და ლამაზი ფერებით გამორჩეული საახალწლო სოფელი, ქალაქის მთავარ მოედანზე აღმართული ულამაზესი ნაძვის ხე და ის თბილი, სადღესასწაულო განწყობა, რომელმაც თბილისს სიცოცხლე და სიხარული შემატა. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ესთეტიკური დეტალია, არამედ ქალაქისადმი ზრუნვისა და მოქალაქეებზე ორიენტირებული ხედვის გამოხატულება“, - განაცხადა კახა ლაბუჩუძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალ წელს მისივე სამაჟორიტარო ოლქი იქნება ერთ-ერთი ის ადგილი, სადაც კახა კალაძის მიერ ინიცირებული არაერთი პროექტი განხორციელდება. ჩანაცვლების პროგრამის წყალობით, თბილისელები მეტად ლამაზ და უსაფრთხო ქალაქში იცხოვრებენ.
„მე დარწმუნებული ვარ, ყველა ის პროექტი, რომელიც თქვენი ხელმძღვანელობით განხორციელდება ქალაქში, ორიენტირებული იქნება თითოეული თბილისელის უკეთეს ხვალინდელ დღეზე, ვიცხოვრებთ მეტი სინათლის და მეტი სიკეთის ქალაქში“, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა და დედაქალაქის მერს ახალ წელს თბილისის კიდევ უფრო განვითარებისა და კეთილდღეობის გზაზე ჯანმრთელობა, ძალა და წარმატება უსურვა.