Loading data...
კახა კალაძე: შეურაცხყოფის მიუხედავად, ღონისძიებებში ჩართული ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ „საახალწლო სოფელს“ გამართულად ემუშავა

შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა, ყინულის მოედანი კი 21 იანვრამდე იფუნქციონირებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის 2025 წლის მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა და ჯანმრთელობასთან ერთად, მშვიდობა უსურვა.

„კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ ახალი წელი და თითოეულ მოქალაქეს პირველ რიგში, ვუსურვო ჯანმრთელობა, მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება. დღეს არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე მშვიდობა. რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ისაა, რომ გრძელვადიანად შევინარჩუნოთ სიმშვიდე ქვეყანაში, რაც, რა თქმა უნდა, გვაძლევს შესაძლებლობას, ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს და კეთილდღეობა იგრძნოს ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. მინდა, 2025 წელი წარმატებული იყოს თითოეული ჩვენგანისთვის და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, რომლებიც საახალწლო ღონისძიებებში იყვნენ ჩართული.

„2025 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა, რომელიც 25 დღის განმავლობაში, სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა.

მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო მერიის თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღესასწაულის შექმნაში წვლილი შეიტანა. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ყველა იმ კომპანიას, ვინც შესაბამის სამსახურებთან ერთად, ჩართული იყო „საახალწლო სოფლის“ ღონისძიებების ორგანიზებაში და აუცილებლად მეწარმეებს, რომელთა გარეშე საახალწლო ბაზარი წარმოუდგენელი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, შემოტევები, ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ „საახალწლო სოფელს“ ემუშავა გამართულად. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აქვე, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს საახალწლო სივრცე კიდევ უფრო დიდი იქნება, სადაც საკუთარი პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა მეტ მეწარმეს მიეცემა.

„გპირდებით, რომ მომავალი წლისთვის ჩვენი საახალწლო სივრცე იქნება კიდევ უფრო დიდი და მასშტაბური, სადაც შევეცდებით, ყველა ადამიანს, მეწარმეს დავეხმაროთ და მივცეთ შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქციის გაყიდვა მოახერხონ. მადლობა მინდა, გადავუხადო არტისტებს, მსახიობებს, ბენდებს, ყველა ქართველ შემსრულებელს და შემოქმედებით ჯგუფებს წარმატებული თანამშრომლობისთვის. მათი მისამართითაც იყო შეურაცხყოფა, ბულინგი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები დადგნენ თბილისელების, ხალხის გვერდით და თავიანთი შემოქმედებით გაალამაზეს ჩვენი დედაქალაქი. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, მხარდაჭერისთვის, დახმარებისთვის. ნებისმიერ საკითხში, ნებისმიერ თემაზე, ყველას, თითოეულ თქვენგანს ექნება მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება საციგურაო ყინულის მოედანს, კახა კალაძის თქმით, დატვირთულობისა და დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ის 21 იანვრამდე იფუნქციონირებს.