Loading data...
კახა კალაძე: მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ მოვაჭრეების ბედი ჩვენთვის სულერთი არ არის - მათ საშუალება ექნებათ, თავიანთი საქმიანობა სავაჭრო სივრცეებში გააგრძელონ

მოვაჭრეებს, რომლებიც მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ, თავიანთი საქმიანობის გაგრძელების საშუალება სავაჭრო სივრცეებში ექნებათ.

გარევაჭრობის აღკვეთისა და უნებართვო კონსტრუქციების აღების ფაქტზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„როგორც იცით, გარევაჭრობა აკრძალულია, მით უფრო, როდესაც მსგავსი არაორგანიზებული ვაჭრობა ხდება მეტროსადგურების მიმდებარედ, სადაც გადაადგილდება უამრავი ადამიანი. არაერთი თხოვნა, წერილი და სატელეფონო ზარი იყო მოსახლეობის მხრიდან, რომ მოგვეწესრიგებინა „მარჯანიშვილის“ მეტროს შესასვლელთან არსებული ტერიტორია, რადგან მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ დაუბრკოლებლად გადაადგილებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ანტისანიტარიასა და ისტორიულ არეალში ქალაქის იერსახის დამახინჯებაზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია გეგმავს მარჯანიშვილის მოედნის რეაბილიტაციას, რაც ახლო მომავალში უნდა განხორციელდეს.

რაც შეეხება მოვაჭრეებს, მერის განცხადებით, მათ არაერთხელ მიეცათ გაფრთხილება, თუმცა უშედეგოდ.

„აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენთვის ამ ადამიანების ბედი არ არის სულერთი და ძალიან კარგად გვესმის მათი მდგომარეობა. შემთხვევითი არ არის ის, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან ბევრი პროგრამა ჯანდაცვის, სოციალური თუ ეკონომიკური მიმართულებით, რათა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომელთაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა. ასევე, მესმის იმ ადამიანების, რომლებიც მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობდნენ. მერწმუნეთ, არავის უნდა, რომ მათი ოჯახები დარჩნენ შემოსავლის გარეშე.

შესაბამისად, აღმკვეთი ღონისძიების პარალელურად, ჩვენ დაწყებული გვქონდა მოძიება სავაჭრო სივრცეების, სადაც ეს ადამიანები შეძლებენ თავიანთი საქმიანობის განხორციელებას. უკვე მოძიებულია ასეთი სავაჭრო ადგილები - „ქალაქის გული” და „თერგი”. „მარჯანიშვილის“ მეტროსთან მოვაჭრეებს შეუძლიათ, ამ სავაჭრო სივრცეებში გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დაავალა ჩუღურეთის რაიონის გამგებელ დავით მაქაცარიას, კიდევ ერთხელ შეხვდეს ამ ადამიანებს და დეტალურად გააცნოს, თუ რას სთავაზობს თბილისის მერია მათ.

ამასთან, თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს, რომლებიც თავიანთ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებენ.

„ხაზი მინდა გავუსვა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების შრომას, რომლებიც არაერთი წინააღმდეგობის და სრულიად დაუმსახურებელი ლანძღვა-გინების მიუხედავად, კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და აღასრულებენ კანონს, რათა ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული და დაცული იყოს თბილისელების ინტერესები. მადლობა, რომ დგახართ თბილისის სადარაჯოზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.