ჯანმო: მსოფლიოში კიბოს ათიდან ოთხი შემთხვევა, შესაძლოა, თავიდან ავიცილოთ
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) ახალი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში კიბოს ათიდან ოთხი შემთხვევის პრევენციაა შესაძლებელი.
კვლევა აანალიზებს კიბოს თავიდან აცილებად მიზეზებს, მათ შორის თამბაქოს, ალკოჰოლს, ჭარბწონიანობასა და სიმსუქნეს, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობას, ჰაერის დაბინძურებას, ულტრაიისფერ გამოსხივებას და კიბოს გამომწვევ ცხრა სხვადასხვა ინფექციას.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 2022 წელს კიბოს ახალი შემთხვევების 37%, დაახლოებით 7.1 მილიონი შემთხვევა, თავიდან აცილებად მიზეზებთან იყო დაკავშირებული. ანგარიში ხაზს უსვამს პრევენციის მნიშვნელობას კიბოს გლობალური ტვირთის შესამცირებლად.
კვლევის მიხედვით, თამბაქო მსოფლიოში კიბოს წამყვანი თავიდან აცილებადი მიზეზია, რომელიც პასუხისმგებელია კიბოს ახალი შემთხვევების 15%-ზე, შემდეგ მოდის ინფექციები (10%) და ალკოჰოლის მოხმარება (3%).
ფილტვის კიბო ძირითადად დაკავშირებულია თამბაქოს მოხმარებასთან და ჰაერის დაბინძურებასთან, კუჭის კიბო - ბაქტერია Helicobacter pylori-ით გამოწვეულ ინფექციასთან, ხოლო საშვილოსნოს კიბო - ადამიანის პაპილომავირუსთან.
„ეს არის პირველი გლობალური ანალიზი, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად არის კიბოს რისკი დაკავშირებული იმ მიზეზებთან, რომელთა პრევენციაც შეგვიძლია“, - განაცხადა კვლევის თანაავტორმა დოქტორმა ანდრე ილბავიმ.