Loading data...
ჯანდაცვის სამინისტრო: დეფიციტურ სპეციალობებში, სამუშაო სტაჟისა და კლინიკური გამოცდილების მქონე უმცროს ექიმებს, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ

„უმცროსი ექიმებისთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო, რეზიდენტურის პროგრამის გავლა ვერ შეძლო, მაგრამ აქვთ შესაბამისი ვადის, პრაქტიკული გამოცდილება, გათვალისწინებულია ახალი შესაძლებლობა - ისინი დაიშვებიან სასერტიფიკაციო გამოცდაზე, რომელიც თავის მხრივ, აუცილებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისთვის“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ცვლილების მიხედვით, დეფიციტურ სპეციალობებში დასაქმებულ უმცროს ექიმებს, ვინც ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა უკვე ჩააბარა და კლინიკაში, რეზიდენტურის პროგრამით განსაზღვრული ვადით მუშაობს, 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ეძლევათ შესაძლებლობა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გავიდნენ და მიიღონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ცვლილება პარლამენტის მიერაა ინიციირებული, სამინისტრომ კი დეფიციტური სპეციალობების ნუსხა, დეტალური მონაცემთა ანალიზის საფუძველზე განსაზღვრა, სადაც გათვალისწინებულია ექიმთა სერტიფიკატები, დასაქმების ფაქტობრივი მაჩვენებლები, ასაკობრივი და გეოგრაფიული განაწილება, რეზიდენტურაში სწავლის მონაცემები და სხვა.

„უკვე დამტკიცებული და გამოცემული ცვლილების მიხედვით, დაახლოებით, 800-ია იმ უმცროსი ექიმების რიცხვი, ვისაც რეალურად შეეხება ახალი ნორმები. თუ მათ ექნებათ სურვილი, გააგრძელონ საექიმო საქმიანობა, ცვლილებით, სწორედ ასეთი შესაძლებლობა ენიჭებათ. თუმცა, ამისთვის, აუცილებელი წინაპირობა იქნება სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ბევრი გამოწვევის გათვალისწინებით, ექიმებმა, ვინც ვერ შეძლო რეზიდენტურის გავლა სხვადასხვა მიზეზთა გამო, მაგრამ თავიანთი პრაქტიკული საქმიანობით, უზარმაზარი გამოცდილება დააგროვეს, მათ გაუჩნდებათ შესაძლებლობა, გაიარონ გამოცდა, რომელიც გაზომავს მათ რეალურ შესაძლებლობებს, კვალიფიკაციას, უნარ-ჩვევებს. სწორედ ამის საფუძველზე მიენიჭებათ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება. სამინისტრო, ამ მიმართულებით, გააგრძელებს იმ გამოწვევებთან ბრძოლას, რომლითაც შეიძლება, ხასიათდებოდეს სექტორი იმისთვის, რომ საქართველოში, სამედიცინო სპეციალობების მიმართულებით, ექიმების კვალიფიკაცია მუდმივად, უწყვეტად და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, სწრაფი ტემპით ვითარდებოდეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხა ასეთია:

  • ფსიქიატრია
  • რადიაციული ონკოლოგია
  • ბავშვთა გასტროენტეროლოგია
  • პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია
  • ბირთვული მედიცინა
  • კარდიოქირურგია
  • ნეიროქირურგია
  • ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია
  • ნეფროლოგია
  • გადაუდებელი მედიცინა
  • ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა
  • ბავშვთა ინფექციური სნეულებები
  • ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია
  • ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია
  • პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია
  • ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
  • რევმატოლოგია
  • სასამართლო მედიცინა