ჯანდაცვის სამინისტრო: დანიური კომპანიის, Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია და ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ „ნოვორაპიდით“ ხელმისაწვდომია
დანიური კომპანია Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია, შესაბამისად, ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ „ნოვორაპიდით“ ხელმისაწვდომია. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ პაციენტებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ, ძველი სქემის მიხედვით, ისევ „ნოვორაპიდს“ დაუბრუნდნენ, თუ მკურნალობა მისი ანალოგი, ფრანგული Sanofi Aventis-ის წარმოებული „აპიდრათი“ განაგრძონ. არჩევანის საშუალება აქვთ მათაც, ვინც თავიდანვე „აპიდრას“ იყენებდა.
„ მწარმოებელ ქარხანაში შექმნილი პრობლემების გამო, Novo Nordisk-მა წინასწარ შესყიდული მედიკამენტი, საქართველოს, დროულად ვერ მოაწოდა. თუმცა, ქვეყანაში ინსულინის დეფიციტი არ ყოფილა და ბენეფიციარებმა მკურნალობა „ნოვორაპიდის“ ანალოგი „აპიდრათი“ გააგრძელეს“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში, „ნოვორაპიდი“ რაც შეიძლება სწრაფად, კვლავ ყოფილიყო ხელმისაწვდომი.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, Novo Nordisk-თან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება, რომ სამომავლოდ, მსგავსი გართულებები თავიდან იქნეს აცილებული.