ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებად თეა გიორგაძე, გიორგი პატარიძე, ირინე წაქაძე და გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნნენ
ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები დაინიშნნენ.
მიხეილ სარჯველაძეს 4 მოადგილე - თეა გიორგაძე, გიორგი პატარიძე, ირინე წაქაძე და გიორგი ცაგარეიშვილი ეყოლება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძისა და თამარ გაბუნიას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ჯანდაცვის მინისტრმა ის მოადგილის თანამდებობაზე აღარ წარადგინა.
„მიხეილ სარჯველაძემ, თამარ გაბუნიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პანდემიის მართვის, ჯანდაცვის მიმართულებისა და პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების წარმატებით განხორციელებაში, მისი წვლილი აღნიშნა.
თამარ გაბუნია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს 2019 წლიდან იკავებდა და ჯანდაცვის მიმართულებას კურირებდა“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.